Thumbnail
  • ზინედინ ზიდანი ნეიმარის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
  • რეალის მწვრთნელმა ჭორები არც უარყო და არც დაადასტურა

ნეიმარის პსჟ-დან მადრიდის რეალში გადასვლის შესახებ სპეკულაციები ამ კვირაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. სხვადასხვა სანდო წყაროების ინფორმაციით, 26 წლის ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს პარიზში მობეზრდა და ისევ კლუბის გამოცვლა უნდა. ბოლოს ფრანგული “ლიბერასიონი” წერდა, რომ ნეიმარი მხოლოდ რეალში გადასვლის ვარიანტს განიხილავს და თავის აგენდ ფილ ზაჰავის სწორედ ამ ტრანსფერზე მუშაობა დაავალა.

ცვლილებების დროა? ნეიმარს პარიზში ერთ წელიწადში მობეზრდა

გავრცელებულ ცნობებს “სამეფო გუნდის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა. რეალის თავკაცმა რეალურ კონკრეტიკას თავი აარიდა, თუმცა მაინც საინტერესო განცხადებები გააკეთა.

"ვიცი მხოლოდ ის, რომ პირადად მე ნეიმარის ტრანსფერი არ მომითხოვია!" - ზინედინ ზიდანი

“ასეთი ჭორები, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ნორმალურია. ეს ყველაფერი ხელს ვერ შეგვიშლის იმაში, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ისე მოვემზადოთ, როგორც საჭიროა. არ ვიცი, აწარმოებს თუ არა რეალი ნეიმართან მოლაპარაკებებს. ვიცი მხოლოდ ის, რომ პირადად მე ნეიმარის ტრანსფერი არ მომითხოვია,” - განაცხადა 45 წლის ზიდანმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, რამდენად კარგი იქნებოდა ნეიმარისა და კრიშტიანო რონალდოს ერთად თამაში, ზიზუმ ასეთი პასუხი გასცა: “კარგი ფეხბურთელები ერთმანეთს ყოველთვის ერგებიან და უხდებიან!”

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი 2013-დან 2017 წლის ზაფხულამდე ბარსელონაში თამაშობდა და შარშან პარი სენ-ჟერმენმა სარეკორდო თანხად, 222 მილიონ ევროდ შეიძინა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბრაზილიელი პარიზში უკმაყოფილოა და მიზნად მადრიდში გადასვლა დაისახა - თანაც, ახლავე.

26 მაისს კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება - ერთმანეთს რეალი (ზედიზედ მესამე ფინალი) და ინგლისური ლივერპული დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები