Thumbnail

'ახლა, შეგვიძლია ვილაპარაკოთ' - ფლიკი გერმანიის ნაკრებს ჩაიბარებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ოლივერ ბირჰოფმა ჰანსი ფლიკთან მოლაპარაკებები დაადასტურა
  • ის გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 3 წლით ჩაიბარებს

გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დიდი ალბათობით, ჰანს-დიტერ ფლიკი ჩაიბარებს. "ბუნდესნაკრების" დირექტორმა ოლივერ ბირჰოფმა ეს ინფორმაცია თითქმის დაადასტურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე (11 ივნისამდე) უნდა გადაწყდეს.

გავრცელებული ცნობით, ფლიკი გერმანიის საფეხბურთო კავშირთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს.

"არ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში მიიღება, მაგრამ მსურს, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატამდე მოგვარდეს. მჯერა ფლიკის და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეროვნული ნაკრები. ჩვენ შეგნებულად არ გავააქტიურეთ დისკუსია მანამ, სანამ ბაიერნმა ბუნდესლიგა არ მოიგო, მაგრამ ახლა, შეგვიძლია ვილაპარაკოთ", - თქვა ბირჰოფმა.

ფლიკი, ლიოვი და ბირჰოფი გერმანიის ნაკრებში ერთად მუშაობდნენ

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნს 2019 წლიდან წვრთნიდა და "რეკორდმაისტერს" არასრულ ორ წელიწადში 7 ტიტული მოაგებინა. ის გუნდს ზაფხულში დატოვებს და პოსტს იულიან ნაგელსმანს გადააბარებს. საინტერესოა, რომ 2014 წელს, როდესაც "ბუნდესნაკრებმა" მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ფლიკი იოაჰიმ ლიოვის თანაშემწე იყო. რაც შეეხება ლიოვს, ის გერმანიის ნაკრებში 2006 წლიდან მუშაობს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები