Thumbnail

'საქართველო? იდეალური მეტოქე არ არის, მაგრამ'... სამხრეთაფრიკული მედია ტესტებზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს საინტერესო ზაფხული ელის. ყველაფერი 26 ივნისს დაიწყება, როცა "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ნიდერლანდებს ან ბელგიას უმასპინძლებენ. ეს ტურნირი საქართველოს ნაკრებს უკვე მოგებული აქვს და მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციოშიც (რომელიც 2-წლიანი ციკლით ტარდება) უახლოეს კონკურენტთან 9 ქულით არის დაწინაურებული. 

ამის შემდეგ იწყება "ბორჯღალოსნების" ტური სამხრეთ აფრიკაში, სადაც, სავარაუდოდ 3 და 10 ივლისს (ზუსტი თარიღები, სტადიონები და მაყურებლის დასწრების საკითხი მოგვიანებით გაირკვევა) ტესტმატჩებს გამართავენ მსოფლიოს თასის გამარჯვებულ "ქურციკებთან". 

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მსოფლიოს თასის მოგების შემდეგ არ უთამაშია

17 ივლისს ზაფხულის ტესტები საქართველოს ნაკრებისთვის ბათუმში შოტლანდიასთან დაპირისპირებით დასრულდება, რადგან დიდი ალბათობით, 7 აგვისტოს არგენტინასთან სტუმრად გასამართავი ტესტი აღარ გაიმართება. პანდემიის პირობებში დიდებული გრაფიკია, 3 ტესტი პირველი დონის ქვეყნებთან, რამდენიმე წლის წინათ, წარმოუდგენელი ოცნება იყო. მით უფრო, რომ ტესტების გამართვა უფრო აღიარებულ სარაგბო ქვეყნებსაც უჭირთ - მაგალითისთვის, იტალიას ზელანდიური ტურნე ჩაეშალა და ნოემბრამდე ტესტი საერთოდ არ უწევს. ხოლო ჩვენს მომავალ მეტოქეს - სამხრეთ აფრიკის ნაკრებს 2019 წლის ნოემბრის შემდეგ (!), როცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდა, საერთოდ არ უთამაშია. როდესაც საქართველოსთან პირველი ტესტი ჩატარდება, სამხრეთ აფრიკის ნაკრები უპრეცენდენტო, 608-დღიან უმოქმედო პერიოდს დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ ამის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზეა. 

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს საქართველოსთან ტესტები ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს წინ ფორმაში შესასვლელად ესაჭიროება. თუმცა არის ერთი საგანგაშო დეტალი - სამხრეთ აფრიკაში ბოლო კვირებში ეპიდსიტუაცია გაუარესდა. დაინფიცირების შემთხვევები დღიური 500-დან დაახლოებით 2 000-მდე ავიდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულშიც იგეგმებოდა "ბორჯღალოსნების" ტურნე სამხრეთ აფრიკაში, თუმცა პანდემიამ ის ჩაშალა, ისევე, როგორც ტურნეს ერთადერთი ტესტმატჩი "ქურციკებთან" პორტ-ელიზაბეთში. 

აი, რას წერს Sport24-ის სარაგბო სვეტში რობ ჰაუვინგი: "საქართველო? იდეალური მეტოქისგან შორს არის, თუმცა ნაკრებს ფორმაში შეიყვანს "ლომებთან" მატჩების წინ და გუნდს დაანახებს, რა მდგომარეობაშია დღეს "ბოკე". 

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" ერთი მეტოქე ცნობილია - 13 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს 2021-ში პირველი დონის ქვეყნებთან 4 მატჩი აქვს დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, ნოემბერში საქართველოში (ან ევროპაში) არგენტინის ნაკრებსაც ვუმასპინძლოთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები