Thumbnail

'ჰიუსტონში ვიქნები' - გიგა ჭიკაძე მზადაა, UFC 262-ში ოქტოგონზე გავიდეს

  • UFC-ის ქართველ მებრძოლს მორიგი ბრძოლის ჩატარება ძალიან სურს
  • გიგა მზადაა, ორ წონით კატეგორიაში ნებისმიერი მებრძოლი შეცვალოს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ MMA Junkie-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰიუსტონში მიემგზავრება, რათა ტურნირში UFC 262-ში ბრძოლაზე მიწვევა მიიღოს. ტურნირი თბილისის დროთ 16 მაისს გაიმართება. 32 წლის სპორტსმენი კი მზადაა, ორი კატეგორიიდან ნებისმიერში შეცვალოს სპორტსმენი და ოქტაგონზე გავიდეს - ნახევრად მსუბუქ ან მსუბუქ წონაში.

გიგა ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებელია

"ვყიდულობ ბილეთს და ჰიუსტონში ვიქნები, თუკი რომელიმე მებრძოლი გავარდება, მე მზად ვარ. ვფიქრობ, კარგი შოუ გამოვა. ჩემი ძმა ბენიელ დარიუში იჩხუბებს. თუ მექნება ბრძოლა, ხომ კარგი და თუ არა, მაინც ვისიამოვნებ ბენიელის ქომაგობით. მზად ვარ მსუბუქ და ნახევრად მსუბუქ წონებში ჩხუბისთვის. 

წელს პირველი ბრძოლა მაისში გავმართე და ეს საკმაოდ დაგვიანებულია. მინდა ძველი რეკორდი გავაუმჯობესო. შარშან ოთხჯერ ვიჩხუბე, წელს კი ხუთი ბრძოლის გამართვას ვგეგმავ", - ამბობს გიგა.

გიგა ჭიკაძეს, რომელიც UFC-ში 2019 წლიდან გამოდის, აქამდე გამართული ექვსივე ბრძოლა მოგებული აქვს. გიგა ოქტოგანზე ბოლოს 2 მაისს გავიდა და 63 წამში ამერიკელი ქაბ სვონსონი დაანოკაუტა, რის შედეგადაც ნახევრად მსუბუქი წონის რეიტინგის TOP 10-ში აინაცვლა. 

ტურნირში UFC 262 მსუბუქ დივიზიონში ჩემპიონის ტიტულისთვის, რომელიც ხაბიბ ნურმაგომედოვის წასვლის შემდეგ ვაკანტური დარჩა, ჩარლზ ოლივეირა და მაიკლ ჩენდლერი იბრძოლებენ. ბენიელ დარიუში კი, რომელსაც გიგა ქომაგობს, ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები