Thumbnail
  • რასელ ვესტბრუკმა კარიერაში 182-ე სამმაგი დუბლი შეასრულა
  • ვაშინგტონის ლიდერმა ოსკარ რობერტსონის მიღწევა გააუმჯობესა

ვაშინგტონ უიზარდსის გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა კარიერაში 182-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და NBA-ს ყველა დროის რეკორდის მფლობელი გახდა. 32 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა ისტორიული შეხვედრა ატლანტა ჰოუქსთან (124:125) ჩაატარა, რომელშიც მისი მონაგარი 28 ქულა, 13 მოხსნა და 21 პასი იყო. შედეგად, რასელმა ლეგენდარულ კალათბურთელ ოსკარ რობერტსონს გადაასწრო.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა კარიერა 1974 წელს დაასრულა და აქტივში 181 ტრიპლ-დაბლი ჰქონდა. რობერტსონმა ლიგაში 14 სეზონი ჩაატარა და საშუალოდ 25.7 ქულა,ს 7.5 მოხსნასა და 9.5 პასს აგროვებდა. 1961-62 წლების სეზონში ოსკარი სამმაგ დუბლს საშუალოდ მატჩში აგროვებდა, ვესტბრუკმა იგივე შედეგი 2016-17 წლების სეზონში ჰქონდა, შემდეგ იგივე კიდევ 3-ჯერ გაიმეორა და ბოლო ხუთ სეზონში ტრიპლ-დაბლი კიდევ 145 შეხვედრაში შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ჰოუქსთან მატჩის ბოლო წამებზე უესტბრუკმა გადამწყვეტი სროლა ააცილა, თუმცა, თავისი გარჯით მაინც კმაყოფილი დარჩა:

“როგორც წესი, საკუთარ თავს არ ვიქებ ხოლმე, თუმცა, ახლა ნამდვილად მაქვს ამის უფლება. ყველას მადლობას ვუხდი, პირველ რიგში კი, ოსკარ რობერტსონს, რომლის წყალობითაც ეს რეკორდი გავაუმჯობესე. ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ამაში ძალიან დიდი ენერგია და შრომა ჩავდე. როდესაც პატარა ვიყავი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოსკართან, მეჯიქთან, ჯეისონ კიდთან და სხვებთან ერთ რიგში დამაყენებდნენ”.

რასელს წარმატება თავად NBA-ს ლეგენდებმაც მიულოცეს: “შენით ნამდვილად ვამაყობ და ვაფასებ იმ მიღწევებს, რომელიც გაქვს”, - თქვა რობერტსონმა სპეციალურ ვიდეოში, რომელიც უიზარდსის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

მეჯიქ ჯონსონი: “გილოცავ ოსკარ რობერტსონის რეკორდის დამხობას და ლიგის რეკორდსმენობას”.

ჯეისონ კიდი: “როგორი მიღწევაა! დაუჯერებელია. მე დიდი ხნის წინ გამასწარი, NBA-ს ისტორიაში შეხვალ, როგორც მისტერ ტრიპლ-დაბლი”.

მომხდარს გამოეხმაურა ლიგის კომისიონერი ადამ სილვერიც: “ეს ყველაფერი იმ პროფესიონალიზმზე მეტყველებს, რომლითაც შენ საქმეს უდგები. იმ ოსტატობასა და ვნებაზე, რომელსაც ყოველ თამაშში ავლენ”.

კომენტარები

ბოლო ამბები