Thumbnail
  • ანდრეა პირლოს პროექტი კატასტროფით დასრულდა
  • ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, გუნდი კი აუტსაიდერივით თამაშობს
  • იუვენტუსს იდენტობის კრიზისი აქვს - რებრენდინგი კრახისკენ მიდის

"ფეხბურთში ბევრი პოეტია, მაგრამ შედეგის დადება ცოტას თუ შეუძლია" - დაახლოებით ასე ჟღერდა ჟოზე მოურინიოს განცხადება მას შემდეგ რაც, ლეგენდარული ჩავის სამწვრთნელო კარიერა არცთუ ისე წარმატებულად დაიწყო.

ჩავის არ ვიცი, მაგრამ ეს ფრაზა ანდრეა პირლოს ნამდვილად ესადაგება. 26-27 წელია იუვეს გულშემატკივარი ვარ და ასეთი საწყალი გუნდი მხოლოდ ერთხელ მახსოვს - დელ ნერის და მეშვიდე ადგილების ეპოქაში. ოღონდ განსხვავება ერთია: იმ გუნდში მილოშ კრასიჩი მიიჩნეოდა ვარსკვლავად - სერია B-დან დაბრუნებულ კლუბს შემადგენლობაშიც უჭირდა, ფინანსებშიც და მართვის ბერკეტებიც არაკომპეტენტური ხალხის ხელში იყო ჩავარდნილი.

ახლა სხვა სიტუაციაა - ძალიან უნდა მოინდომო, რომ ის გუნდი, რომელსაც სკამზე დიბალა და ბონუჩი უზის და კრიშტიანო რონალდო, დე ლიხტი და კიელინი ჰყავს, ასე უსუსურად გამოიყურებოდეს. იუვეს შემადგენლობა შეიძლება სხვა სუპერგუნდებთან შედარებით პრობლემურია (ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ იყოს), მაგრამ იმდენად პრობლემური არა, რომ ნაპოლის, ატალანტას და მილანის ფონზე გუნდი აუტსაიდერად გამოიყურებოდეს.

პირლოს დღეები ტურინში დათვლილია

პირლოს ხელში იუვე მთელი სეზონი არადამაჯერებელი იყო, თუმცა ბოლო 1 თვეა, გუნდი თამაშიდან თამაშამდე ისე რეგრესირესებს, რომ მართლა აუტსაიდერის დონეზე თამაშობს. იანვარში იუვემ ამაზე უკეთეს ფორმაში მყოფ მილანს მოუგო და ვისაც ის თამაში ახსოვს, დამეთანხმება, რომ არც იანვრის იუვენტუსი წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს, თუმცა გუშინდელ გუნდს ვერც შეადარებთ. ამ 3-4 თვეში ტურინელები ბევრად უარესები გახდნენ.

გუნდს კარგი არაფერი აქვს: არ აქვს თამაში, თავს ვერ იცავს - ზედიზედ 11 მატჩია, გოლს უშვებს მაშინ, როცა დაცვაში კიელინი, დე ლიხტი, ბონუჩი და დემირალი ჰყავს; არ აქვს შეტევა - ფლანგიდან კრიშტიანოზე უფანტაზიო ჩაწოდებების გარდა დიდი ხანია არაფერი გვინახავს; აზრზე არ არის არც პრესინგის, არც ბურთის გათამაშების და არც სხვა საბაზისო სათამაშო ელემენტების; გუნდის ყველა ფეხბურთელი ცუდ ფორმაშია (ანუ საწვრთნელი პროცესი უხარისხოდ მიმდინარეობს); ახალგაზრდები (კიეზას გარდა) თავის შესაძლებლობებს ვერ ავლენენ, გუნდს არ აქვს ხასიათი და მოტივაცია. ეს ბოლო პუნქტი ყველაზე მეტად შემაშფოთებელია. ამის, ანუ სირბილის და ბრძოლის პრობლემა, იუვეს არასოდეს ჰქონია. ჩირო ფერარას იუვენტუსიც მახსოვს - მოედნის ცენტრში ფელიპე მელო და მომო სისოკო ჰყავდათ და არქაულ ფეხბურთს თამაშობდნენ. ფერარა ოთხ თვეში გააგდეს. თუმცა ის გუნდიც კი მოედანზე ბოლომდე იბრძოდა. რაც შეეძლო, იმას აკეთებდა.

წინა კვირასაც, უდინეზეს წინააღმდეგ ზუსტად ასე იყო. უბრალოდ, თამაში სულელურად გაშვერილმა ხელმა და კრიშტიანომ გადაარჩინა. ერთ-ერთი არაფრისმთქმელი ჩაწოდება რონალდომ გოლად აქცია და იუვემ წასაგები თამაში მოიგო. არადა, იუვე უდინეზესთანაც აგებდა და ვერაფერს ახერხებდა, მომენტიც არ ჰქონია. მილანთან მთელი თამაში აგებდა და კარში ერთი დარტყმა დაუგროვდა.

პირლოს კრიტიკა ახლა მარტივია - გასაგებია, რომ მისი სამწვრთნელო კარიერა დასრულებულია. ის უბრალოდ დანიშნეს მწვრთნელად, თორემ მწვრთნელი ალბათ არც არასოდეს ყოფილა. გუნდმა 35 თამაშში 35-ჯერ შეცვალა შემადგენლობა - რა სტაბილურობაზე და თამაშის მონახაზზე უნდა ვილაპარაკოთ. პირლო გვარდიოლა არ არის, რომ იმის კვალიფიკაცია ჰქონდეს, ტაქტიკა და შემადგენლობა თამაშიდან თამაშზე გადააწყოს. ვერავინ იტყვის, რა არის გუნდის ძირითადი სათამაშო სქემა? დაცვის ძირითადი წყვილი? ან ნახევარდაცვის ძირითადი წყვილი? ან როდის ჩნდება დიბალა და როდის მორატა?

ფედერიკო კიეზა იშვიათია, ვისაც ეს სეზონი აქტივში უნდა ჩაეთვალოს

მთელი წელია, როდრიგო ბენტანკურის წვალებას ვუყურებთ, რომელიც ‘რეჯისტას’ ანუ დირიჟორის როლზეა გამწესებული. იმ როლზე, სადაც ჯერ პირლო თამაშობდა და მერე პიანიჩი. არადა, ურუგვაელი მუშა ფეხბურთელია, მისგან რომ ‘რეჯისტა’ ვერ გამოვა, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.

მხოლოდ გუშინდელი თამაში იყოს: იუვენტუსი ცენტრიდან უბრალოდ ვერ გადადიოდა მეტოქის ნახევარზე. ბენტანკური-მაკკენი-რაბიოს სამეულს არც ფანტაზია ჰქონდა და არც პასის მიცემა შეეძლო. ერთადერთი იმედი, ფლანგებიდან კუადრადოს და ალექს სანდროს ჩართვებით შეტევა, მილანმა იოლად გააუვნებელყო (პირლოსგან განსხვავებით, სტეფანო პიოლი პროფესიონალი მწვრთნელია). ამ ფონზე ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ნახევარდაცვის ხაზში ჩამოსვლა და დრიბლინგით ბურთის შეტევაზე გადატანა შეუძლია პაულო დიბალა იყო. რატომ სჭირდებოდა დიბალას შემოყვანას 80 წუთი ფიქრი?!

ზოგადად, როცა მწვრთნელი იმაზე იწყებს ლაპარაკს, რომ ფეხბურთელები მის ხედვებს და ფილოსოფიას არ შეესაბამებიან, ის დამთავრებულია. პირლოც გუშინ თამაშის შემდეგ ასეთებს ლაპარაკობდა. არადა, ამ გუნდის შემადგენლობა ბევრად ძლიერია, ვიდრე ის შედეგები და თამაში, რასაც აჩვენებს.

ყველამ ვიცოდით, რომ 9-წლიანი დომინაციის და ტრიუმფის შემდეგ იუვეს დროც წავიდოდა. მუდმივი არაფერია, თუმცა არავის ეგონა, რომ ეს ასე მტკივნეულად მოხდებოდა.

ზოლებს არ იცვლიან

ყველაფრის პირლოზე გადაბრალება არასწორი იქნება. იგი სიმპტომია იმ პრობლემების, რომელიც გუნდში დაგროვდა. იუვე პრობლემური კლუბია - პრეზიდენტ ანდრეა ანიელის პოზიციები სუპერლიგის სკანდალის შემდეგ ძალიან შესუსტდა, სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გუნდიდან წასვლის კანდიდატია, კრიშტიანოს კონტრაქტი გუნდს მძიმე ტვირთად აწევს და კოვიდ-კრიზისის პირობებში ფინანსური სიტუაცია ძალიან რთულია (მხოლოდ შარშან იუვემ 176 მილიონი ევრო იზარალა). ამას სპორტული პრობლემებიც ემატება - ტურინელები სამი წელია ჩემპიონთა ლიგის ადრეულ სტადიაზე საშუალო გუნდებთან ვარდებიან, ხოლო ახალწვეულები გუნდის იმედებს ვერ ამართლებენ.

მენეჯმენტში პრობლემები ბუნებრივია, კლუბზეც აისახება. თუმცა, მთავარი პრობლემა იუვესთვის მაინც სპორტული ფაქტორია. რამდენიმე წლის წინ ანდრეა ანიელიმ გადაწყვიტა, რომ იუვენტუსის და მისი იმიჯის რებრენდინგის დრო დადგა. იდეა ის იყო, რომ იუვენტუსი უფრო მიმზიდველი უნდა გამხდარიყო გულშემატკივრისთვის. ოღონდ, ეს იტალიელ გულშემატკივარზე კი არა, ახალ ბაზრებზე - აზია, ამერიკა ა.შ. გათვლილი სტრატეგია იყო. ყველაფერი ლოგოს შეცვლით დაიწყო, გასულ სეზონში ზოლებიანი ფორმა შეიცვალა, ამას წელს არატრადიციული ზოლიანი ფორმა მოჰყვა.

იუვენტუსის ფორმა, რომელიც არავის მოსწონდა

შეიძლება გაგეცინოთ და იკითხოთ, ეს რა შუაშიაო. რეალურად, ეს კლუბის ფილოსოფიის ცვლილებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ლოგო და ფორმა ამის მხოლოდ სიმბოლოა. იუვე, ტრადიციულად, ძალიან კონსერვატიული კლუბი, რომელიც ათწლეულები ცინიკურად ამტკიცებდა, რომ ‘გამარჯვება მნიშვნელოვანი კი არ არის, არამედ ეს ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს’ (ანუ სხვანაირად რომ მოვთარგმნოთ, ლამაზ თამაშს, სანახაობას და ნეიტრალური გულშემატკივრის სიმპათიას მნიშვნელობა არ აქვს), ცდილობდა, გულშემატკივრისთვის მოსაწონი, სიმპათიური გამხდარიყო.

ანიელის სურდა, რომ იუვენტუსი რეალის და ბარსას ტიპის სუპერკლუბი ყოფილიყო. არადა, ისტორიულად ამის ანტიპოდია. იუვე უფრო ანტიგმირია, ვიდრე გმირი - კინოს ენაზე რომ ვთქვათ, ასე იქნება. ბეტმენის როლზე იუვე არ გამოდგება, ამ გუნდისთვის ჯოკერისეული ცინიზმი უფრო სახასიათოა. კრისტოფერ ნოლანი და ქალაქ გოთემის კომიქსური ამბები თუ გიყვართ, ამ შედარებასაც უკეთ გაიგებთ.

ამას მოჰყვა მასიმილიანო ალეგრის წასვლა. ამ კაცმა ყველაფერი მოიგო და ვიღაცები მაინც წუწუნებდნენ, რომ გუნდს შემოქმედებითი სტილი არ აქვს და სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს. არადა, არასოდეს მინახავს იუვენტინო მოგების შემდეგ წუწუნებდეს. მაურიციო სარი, აბსოლუტურად უცხო ორგანიზმი, როგორც ტაქტიკურად, ისე ადამიანურად, გუნდში იმიტომ მივიდა, რომ ყველაფრის მომგები გუნდისთვის ფეხბურთის ახლიდან, ‘მიმზიდველად’ თამაში ესწავლებინა. ამ ავანტიურიდან კარგი არაფერი გამოვიდა და არც შეიძლება გამოსულიყო. სარის პირლო მოჰყვა - ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რესპექტაბელური პერსონა. პირლოს პერსონა ინტერესს და სიმპათიას განაპირობებდა. ის უნდა ყოფილიყო იუვეს ზიდანი თუ გვარდიოლა. უბრალოდ, ყველას დაავიწყდა ის ფაქტი, რომ მთავარი ჯერ კვალიფიკაციაა და შემდეგ პრეზენტაბელურობა და სიმპათიური იმიჯი. მაქს ალეგრი მოსაწყენი და უსიამოვნო კაცია - ქორწილის დღეს თავის ქორწილში არ მივიდა, ანტონიო კონტე მოძალადე და აგრესიული ფსიქოპათი, მაგრამ ეს ხალხი შედეგის გარანტია.

იუვეს სათამაშო კრიზისი სარის მოსვლით დაიწყო

იუვენტუსი ყოველთვის ის კლუბი იყო, რომელიც მხოლოდ შედეგს აღიარებდა. ეს იყო ამ კლუბის ხასიათში, მენტალიტეტში და დნმ-ში. ლიპი და კაპელო ტურინში ზდენეკ ზემანით არასოდეს შეუცვლიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ზემანის ფეხბურთი თვალსასეირო სანახავია. მოკლედ, მენტალობის, ფასეულობების თუ ხასიათის ცვლილება, უფრო სწორად ამის მცდელობა, ტურინში ძალიან ძვირი დაჯდა. ამ გუნდს აღარც ხასიათი აქვს, აღარც თამაში. თავისი იდენტობა დაკარგა.

არ ვიცი, ანიელი კლუბში კიდევ დიდი ხანი დარჩება თუ არა. იქნება ის, თუ ვინმე სხვა პრეზიდენტის როლში, ივნისიდან იუვემ თავისი ტრადიციული სახე უნდა დაიბრუნოს - პრაგმატული, ცივსისხლიანი, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული. იუვენტუსი ყოველთვის ასეთი იყო და ასეთი იქნება. როგორც ზიდანმა აღწერა ტურინიდან მადრიდში გადაბარგების შემდეგ - "მოიგებენ 1:0-ს და მერე პასტის საჭმელად წავლენ, ასეა კვირიდან კვირამდე, ყოველ კვირას, დაუსრულებლად და ამით ბედნიერები არიან."

ჰო, ისე, 1:0-ზე გამახსენდა: თუ იცით, იუვემ ამ ყველაზე იუვენტინური ანგარიშით ამ სეზონში რამდენი თამაში მოიგო?! სწორი პასუხია არცერთი!

კომენტარები

ბოლო ამბები