Thumbnail

“ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან დაგეგმილ ტესტებს გამოეხმაურა და მათ განვითარებისთვის ბრწყინვალე შესაძლებლობა უწოდა. მაისაშვილის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი ავრცელებს:

“რაგბის კავშირმა ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა და მოხარული ვარ, რომ 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას ვეთამაშებით. მანამდე გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა ბელგიასთან ან ნიდერლანდებთან და მას ტურნესთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ ორ ტესტს გვეთამაშება, დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა მათ დაფასებისთვის. მერე ვმასპინძლობთ შოტლანდიას და ზედიზედ ამდენი მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება ჩვენთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, “შემოდგომის ერთა თასის” შემდეგ ასეთი თამაშები არ გვქონდა, მაგრამ რაგბი ევროპის ჩემპიონატმა კიდევ უფრო წინ წაგვწია, განსაკუთრებით შეტევის კუთხით! საინტერესო იქნება ამ დონის მეტოქესთან როგორ შევძლებთ ამ ნამუშევრის გადატანას და როგორ გაუძლებს ჩვენი სისტემები ამ გამოწვევას“.

სამწუხაროდ, “ბორჯღალოსნებს” ტრავმების გამო ზაფხულშიც არაერთი მორაგბე დააკლდება:

“ძალიან ძნელია იმის ვარაუდი, როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა ივლისის ტესტებისთვის. ტრავმა უკვე მოიშუშა გიორგი ცუცქირიძემ და ის აუცილებლად გვეყოლება. ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი ამ პერიოდში რეაბილიტაციის დასრულებას ვერ ასწრებენ. ტრავმირებულია სოსო მათიაშვილი და ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მკურნალობა. გვაქვს კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია, მიხეილ ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა და ამ ტესტებზე ვერ დაგვეხმარება. წინაა ფლეი ოფები დიდ 10-სა და საფრანგეთში. მთავარია ყველანი ჯანმრთელად იყვნენ და იმ მომენტისთვის მაქსიმალურად უძლიერეს შემადგენლობას შევკრებთ“.

ბორჯღალოსნების ის ნაწილი, რომელთა კლუბები სეზონს დაასრულებენ, ვარჯიშს 24 მაისიდან დაიწყებენ და მათ მოთამაშეები ეტაპობრივად დაემატებიან. მორაგბეებს დღეში ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ, 14 ივნისიდან კი, გუნდი ზაფხულის მატჩებისთვის შეკრებაზე შევა.

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდეტი ნიკა ალავიძე მოლაპარაკების დეტალებს იხსენებს და ამ თამაშებს აფასებს, როგორც შესაძლებლობას ქვეყნის პოპულარიზაციისთვის:

“სამხრეთ აფრიკელებმა ძალიან საინტერესო შეთავაზება გაგვიკეთეს. პანდემიის პირობებში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ფინალური მატჩის შემდეგ პირველი შეხვედრის ჩატარება ჩვენთან ისურვა, რაც ძალიან დიდი პატივია! ესაა ბევრი რამის სწავლის შესაძლებლობა, როგორც სპორტული, ასევე სხვა უამრავი კუთხით. სამხრეთ აფრიკა ზაფხულში გამართავს სამ მატჩიან სერიას “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” წინააღმდეგ, რომელიც უძლიერესი ფრანჩაიზია. მანამდე კი, მსოფლიოს ჩემპიონი ხანგრძლივი, იძულებითი პაუზის შემდეგ, რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფ საქართველოსთან ორ მატჩს ჩაატარებს. გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ სარაგბო ერი, რა მიმართულებითაც გეგმაზომიერად ვმუშაობთ და ეს თამაშები ამ კუთხით იდეალურია.

მსოფლიოს ჩემპიონთან ორი თამაშის შემდეგ, საქართველოში შოტლანდიას ვმასპინძლობთ, რაც ასევე უდიდესი მოვლენაა. დიდი ხანია გადწყვეტილია, რომ ისინი საქართველოს ზაფხულში ეწვევიან და ვცდილობთ, მათი დელეგაცია მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იყოს. შოტლანდიასთან თამაში იქნება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული რაგბისთვის. ამავდროულად, გვსურს საქართველოს ტურისტული პოტენციალი კარგად წარმოვაჩინოთ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და ტურიზმის განვითარებაში. შოტლანდიელები, პოტენციურად, ახალი საერთაშორისო ვიზიტორები არიან. გარდა ამისა, ამ თამაშის მიმართ საერთაშორისო მედიის მხრიდან დიდი ინტერესია“.

სამხრეთ აფრიკა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის რანგში პირველ მატჩს საქართველოსთან გამართავს

კომენტარი გააკეთა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დირექტორმა რასი ერასმუსმაც, რომელმაც 2019 წელს სამხრეთ აფრიკას მთავარი მწვრთნელის რანგში მსოფლიო თასი მოაგებინა. მისი თქმით, “ბორჯღალოსნებთან” ორმატჩიანი სერია შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება გუნდისთვის, რათა სათანადოდ მოემზადოს “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებთან” მატჩებისთვის:

“არაფერი შეედრება საერთაშორისო მატჩებს იმისათვის, რომ დახვეწო შენი უნარები, შეიქმნა მზაობა წნეხში გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხარულები ვართ, რომ “ლომებთან“ თამაშის წინ ამის შესაძლებლობა საქართველოსთან გვექნება. ჟაკ ნიენაბერი და მისი სამწვრთნელო შტაბი დღედაღამ მუშაობს და ასე გააგრძელებს, რათა, რაც შეიძლება კარგად მოამზადოს გუნდი საქართველოსთან გასამართი სერიისთვის. ეს არის ესოდენ საჭირო შესაძლებლობა კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ“.

ხსენებული ჟაკ ნიენაბერი “ქურციკების” მთავარ მწვრთნელად შარშან დაინიშნა, თუმცა დებიუტი საქართველოსთან ექნება, რადგან პანდემიის გამო, გუნდს 2019 წლის 2 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია:

“საქართველოსთან გასამართი ტესტების დადასტურებამ და გასულ კვირაში “ლომების“ შემადგენლობის გამოცხადებამ ჩვენში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, ეს აამაღლებს ჩვენი მოთამაშეების განწყობას და უფრო მონდომებულები გააგრძელებენ მზადებას სანაკრებო მატჩებში დასაბრუნებლად“.

კომენტარები

ბოლო ამბები