- 'ბორჯღალოსნები' 'ქურციკებს' ივლისში ესტუმრებიან
- ქართველ მორაგბეებს უმაღლესი დონის მატჩები ელით
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრები ივლისში “ბორჯღალოსნებს” ორმატჩიან ტესტ-სერიაში უმასპინძლებს. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, შეხვედრები სამხრეთ აფრიკაში 3 და 10 ივლისს გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც “ქურციკებს” მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. აქამდე მათ ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ 46:19 მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო თასზე პირველი ლელო (დავით დადუნაშვილი) გაიტანა.
2019 წლის 2 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკამ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ამ რანგში, თავის პირველ მატჩს სწორედ საქართველოსთან გამართავს. “ბორჯღალოსნები” აფრიკას შარშან ზაფხულში უნდა წვეოდნენ, მაგრამ მაშინ ეს თამაში კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა. ამჯერად, “ქურციკებმა” საქართველოსთან ტესტები “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” ტურნემდე მოსამზადებლად დაგეგმეს. თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე “ბორჯღალოსნები” 26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავენ და ბელგია-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს (29 მაისს გაირკვევა) უმასპინძლებენ. აი, “ქურციკებთან” ტესტების შემდეგ კი, შინ მობრუნებული ქართველი მორაგბეები 17 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ზაფხულში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავს ტიერ 1-ის ნაკრებებთან.
საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ასეთი მაღალი დონის ტესტები სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან მეგობრული ურთიერთობის შედეგია და ეს მეგობრობა გაგრძელდება:
“მათთან თამაში ჩვენთვის დიდი პატივია! სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ ერთხელ, პირველ მსოფლიო თასზე, 2003 წელს გვაქვს ნათამაშები და ამ უდიდეს ფორუმზე პირველი ლელო სწორეთ მათთან გავიტანეთ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და საქართველოც განვითარდა. ვაფასებთ იმას, რომ სამხრეთ აფრიკასთან მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. გარდა სანაკრებო მიმართულებისა, მათთან აქტიურად ვმუშაობთ ფრანჩაიზის კუთხით, რომელიც სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატში უნდა ჩაერთოს. წლებია ჩვენს 20-წლამდელებს ეპატიჟებიან ძალიან მაღალი დონის ტურნირზე და ამ ყველაფრის ფონზე, სამხრეთ აფრიკა, როგორც სარაგბო ქვეყანა, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გამოდის ქართული რაგბის განვითარებაში.
ასეთი მნიშვნელოვანი ტესტები, როგორიც წელს გვაქვს, საქართველოს ნაკრებს აქამდე არ ჰქონია. რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გეპატიჟება და ფინალური მატჩის შემდეგ, პირველ შეხვედრას შენთან ატარებს, თანაც – ორს. სამხრეთ აფრიკული ტურნეს შემდეგ, საქართველოში შოტლანდია გვეწვევა და ეს თამაში ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. შოტლანდია ტიერ 1-ის პირველი ქვეყანაა, რომელიც ერთხელ უკვე ეწვია საქართველოს და მეორედ ჩამოდის. ეს დასტურია იმის, რომ კმაყოფილები არიან იმ პირველი ვიზიტით, როგორც სპორტული, ასევე მასპინძლობის კუთხით. ეს ერთგვარი აღიარებაა იმ სარაგბო გარემოსი, რაც მათ საქართველოში დახვდათ. ასევე კარგი ნიშანი და სტიმულია სხვა ქვეყნებისთვის, რათა დაინახონ – საქართველო მზადაა უმასპინძლოს ტიერ 1-ის ქვეყნებს მაღალ დონეზე!“.
კომენტარები