Thumbnail
  • იუვენტუსთან მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო
  • შვედეთში ნერვიულობენ, რომ იბრა ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

ეს იყო მომენტი, რომელმაც არა მარტო მილანის გულშემატკივრები, არამედ მთელი შვედეთიც შეაშინა!

მილანისა და იუვენტუსის მატჩის 64-ე წუთზე, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ორთაბრძოლის შემდეგ, “როსონერის” ვეტერანი თავდამსხმელი ვეღარ წამოდგა და ხელი მარცხენა მუხლზე მოიკიდა. 39 წლის იბრამ თამაშის გაგრძელება კი სცადა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ შეცვლა აუცილებელი იყო.

შვედეთში ყველა შეშფოთებულია იმის გამო, რომ ზლატანის სერიოზული ტრავმა ახლა შეიძლება ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებას ნიშნავდეს. “ზლატანი იუვენტუსთან მატჩის წინ აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ახლა კი მუხლში ტკივილებს გრძნობს და იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია,” - განაცხადა მატჩის შემდეგ მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ Sky Sports Italia-სთან ინტერვიუში.

ზლატანს ტრავმა ჯორჯო კიელინიმ მაშინვე უთანაგრძნო

შვედურმა გამოცემა Expressen-მა მილანს იბრას ტრავმის შესახებ კითხვით მიმართა. “როსონერის” პრესსამსახურის პასუხი ასეთია: “ეს მუხლის ტრავმაა, მაგრამ არა იმ მუხლზე, რომელზეც მანამდე ოპერაცია გაუკეთეს. ამ დღეებში ზლატან იბრაჰიმოვიჩს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება.”

შვედეთის ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, 18 მაისს უნდა დასახელდეს. სკანდინავიელები იმედოვნებენ, რომ იბრას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები