Thumbnail

პირლოს საათები დათვლილია - მას დროებითი მწვრთნელი შეცვლის

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ანრეა პირლოს იუვენტუსიდან უახლოეს საათებში გაუშვებენ
  • სპეციალისტს მისივე თანაშემწე, იგორ ტუდორი შეცვლის
  • იუვეს წინ თასის ფინალი და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა ელის

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში თავის უშუალო კონკურენტ მილანთან სამარცხინო მარცხი განიცადა (0:3). ტურინული კლუბის თამაში მთელი სეზონია დამაჯერებელი ვერ არის, ბოლო პერიოდში კი უბრალოდ ამაზრზენად გამოიყურება. იუვენტუსი აუტსაიდერის დონეზე თამაშობს.

"ლა სტამპას" ინფორმაციით, პირლოს უახლოეს საათებში მოხსნიან და სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მის თანაშემწეს, იგორ ტუდორს დანიშნავენ.

სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და იუვეს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა თეორიულად ისევ შეუძლია. ტურინელები ნაპოლის მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან, თუმცა რთული კალენდარი აქვთ - დარჩენილ სამ ტურში იუვე სასუოლოს, ინტერს და ბოლონიას შეხვდება. გარდა ამისა, იუვეს თასის ფინალი უწევს ატალანტასთან.

კლუბის ხელმძღვანელობას პირლოს ხელში თუნდაც მინიმალური წარმატების იმედი არ აქვს და სწორედ ამიტომ ცდილობს სეზონის ბოლო თამაშები ტუდორთან ერთად მაინც გადაარჩინოს. "ლა სტამპა" ანიელების ოჯახთან დაახლოებული გამოცემაა და მისი ცნობები იუვესთან მიმართებაში სანდოა.

📺 იუვენტუსი V მილანი [მიმოხილვა] 

კომენტარები

ბოლო ამბები