Thumbnail
  • ინდიანა 132:133 (ოტ.) ვაშინგტონი
  • ქართველმა ცენტრმა 16 წუთში 7 ქულა ჩააგდო

გოგა ბითაძის ინდიან პეისერსმა NBA-ში მორიგი დრამატული მატჩი ჩაატარა და შინ ვაშინგტონ უიზარდსთან ოვერტაიმში 132:133 დამარცხდა. მასპინძლებს თამაშის მოგება შეეძლოთ, თუმცა, ბოლო წამებზე რასელ ვესტბრუკმა კარის ლევერტს დააფარა. ვესტბრუკს ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი, 21 წლის ქართველ ცენტრზე ვთქვათ.

კარგი ის იყო, რომ ბითაძემ პეისერსის მთავარი მწვრთნელის ასისტენს გრეგ ფოსტერთან უთანხმოება მოაგვარა და ისინი მატჩის წინ გახურებისას ერთმანეთს თბილად მიესალმნენ, რაც შეუმჩნეველი შეხვედრის კომენტატორებსაც არ დარჩენიათ.

საბოლოო ჯამში, გოგასთვის უშუალოდ თამაშიც ნორმალურად წარიმართა. ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 16 წუთი გაატარა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. საინრერესოა, რომ ბითაძემ 2 ბლოკ-შოტი მიყოლებით განახორციელა, როდესაც შეტევის საშუალება რობინ ლოპესს არ მისცა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ინდიანელთა მხრიდან მორიგი სამმაგი დუბლი (30 ქულა, 13 მოხსნა, 13 პასი) მიითვალა ლიეტუველმა დომანტას საბონისმა, კარის ლევერტმა კი 35 ქულას 14 მოხსნა წაამატა, თუმცა, ეს ყველაფერი გადაფარა ვიზარდსის ლიდერების – ხსენებული ვესტბრუკისა და ბრედლი ბილის საოცარმა თამაშმა.

ვესტბრუკმა 33 ქულას 19 მოხსნა და 15 პასი წაამატა და კარიერაში 181-ე სამმაგი დუბლი შეასრულა, რითაც ლეგენდარული ოსკარ რობერტსონის მიღწევა გაიმეორა. რასელს აღნიშნული მაჩვენებლის დამხობის კარგი შანსი აქვს, რადგანაც რეგულარულ სეზონში კიდევ 4 მატჩი დარჩა გასამართი, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 21.8 ქულა, 11.4 მოხსნა, 11.4 პასი. რაც შეეხება ბილს, მან თამაშიდან 31-ჯერ (!) შეუტია და 50 ქულა მიითვალა. საინტერესოა, რომ ბრედლის უკანასკნელი 82 მატჩიდან 71-ში მინიმუმ 25 ქულა აქვს ჩაგდებული, სეზონში კი უკვე 8 მატჩი მოუგროვდა, რომლებშიც 40-ქულიან ზღვარს ასცდა.

ინდიანა პეისერსს 31 მოგება და 36 მარცხი გააჩნია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილამდე დაქვეითდა, რაც ე.წ. “პლეი ინში” გამსვლელი ბოლო პოზიციაა. ბითაძის გუნდი უახლოეს მდევარ ჩიკაგო ბულსს 3 გამარჯვებით უსწრებს, რეგულარულ სეზონში კი 5 თამაში დარჩა ჩასატარებელი: კლივლენდთან (11 მაისი), ფილადელფია (12 მაისი), მილუოკი (14 მაისი), ლეიკერსი (15 მაისი), ტორონტო (16 მაისი).

კომენტარები

ბოლო ამბები