Thumbnail

მადრიდის რეალმა, ბარსელონამ და ტურინის იუვენტუსმა თავიანთ ოფიციალურ საიტებზე გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება უეფას ვერდიქტთან დაავშირებით იმ ცხრა კლუბის მიმართ, რომლებმაც სუპერლიგის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს.

კლუბების განცხადების ტექსტში ნათქვამია, რომ სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბები კვლავაც იღებენ მუქარებსა და შეურაცხყოფას იმისთვის, რათა მომავალში უარი თქვან ტურნირში მონაწილეობაზე.

პრესრელიზში ყურადღება ამ პუნქტებზეა გამახვილებული:

...მიუღებელია დიდი წნეხი უეფას, ფიფასა და მესამე პირების მხრიდან.

...სუპერლიგის შექმნის მიზეზები: მსოფლიოში არსებული არამდგრადი საფეხბურთო ვითარება, კლუბების ეკონომიკური პრობლემები, ტურნირი აუცილებლად ფიფას და უეფას თანხმობით უნდა ტარდებოდეს. 

...სუპერლიგას უნდა გაეხარებინა მსოფლიოს ყველა გულშემატკივარი, ასევე უნდა დახმარებოდა ქალთა ფეხბურთს. 

...სუპერლიგის შეთავაზებული ვარიანტის გადახედვაზე მზადყოფნა.

...სუპერლიგის ზოგიერთი დამფუძნებელი კლუბის პოზიცია არათანმიმდევრულია, რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი კი აგრძელებენ მსოფლიო ფეხბურთში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. 

"გვსურს ვიხილოთ ერთმანეთის პატივისცემაზე აგებული დებატები, აბსოლუტურად მიუღებელი წნეხის გარეშე და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახში ბალანსის დასაცავად შესაფერისი გადაწყვეტილება იქნებოდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

სუპერლიგის ფორმირების შესახებ ცნობილი 19 აპრილს გახდა. მასში არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, ინტერი და იუვენტუსი გაერთიანდნენ. 21 აპრილს სუპერლიგის ხელმძღვანელობამ პროექტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც წინ ინგლისური კლუბების უარი უძღოდა ტურნირში მონაწილეობაზე. შემადგენლობიდან ასევე გავიდნენ ატლეტიკო, ინტერი და მილანიც.

8 მაისს უეფამ ვერდიქტი გამოაქვეყნა, სადაც სუპერლიგიდან გასული 9 კლუბების მიმართ დაწესებული სანქციების შესახებ იყო ინფორმაცია. ცნობილია, რომ პროექტში დარჩენილი 3 კლუბის - რეალის, ბარსელონასა და იუვენტუსის მიმართ უეფას სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები