Thumbnail

2 მედლის შანსი გრანდ სლემზე - მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე ნახევარფინალში დამარცხდნენ
  • ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს თითო ოქრო და ბრინჯაო აქვს მოპოვებული

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე გრანდ სლემზე დასკვნითი დღეა და მედლებისთვის ბრძოლას 2 ქართველი ძიუდოისტი აგრძელებს. ფინალურ ბლოკში, რომელიც თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, ბრინჯაოს მედლების აღების შანსი ლუკა მაისურაძესა (90 კგ.) და ონისე სანებლიძეს (100 კგ.) ექნებათ.

23 წლის მაისურაძემ საწყის რაუნდში სენეგალელ აბდერაჰმან დიაოს ვაზარი აართვა, შემდეგ კი, მტკივნეულ ილეთზეც დაიჭირა. ლუკამ გაცილებით სახელოვანი გამარჯვება იზეიმა მე-2 რაუნდში, სადაც 2010 წლის ევროპის ჩემპიონსა და წლეულს, თბილისისა და ანტალიის გრან სლემების გამარჯვებულ მარკუს ნიმანს აჯობა. ყველაფერი “გოლდენ სქორში” გადაწყდა, სადაც მაისურაძემ 30 წლის შვედი მეტოქე ვაზარიზე დასცა.


ლუკა ძალიან დამაჯერებლად გაისარჯა მერვედფინალსა და მეოთხედფინალშიც, სადაც შესაბამისად, გერმანელ ტიმ შმიდტსა და ებრაელ ლი კოჩმანს იპონებით აჯობა. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში სანშირო მურაოს გადაეყარა და 20 წლის იაპონელთან, რომელსაც 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური ოქრო აქვს აღებული, დამატებით დროში იპონით წააგო. სხვათა შორის, ეს ის მურაოა, რომელიც 2018 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობის ფინალში ლაშა ბექაურს ჰყავს დამარცხებული. ბრინჯაოს მედლისთვის მაისურაძის მეტოქე ფრანგი აქსელ კლერგე იქნება.


100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ონისე სანებლიძე, რომელმაც ნახევარფინალში ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან ვაზარით წააგო, ახლა კი, რუს ნიიაზ ბილალოვთან დაპირისპირება ელის. მანამდე, სანებლიძემ ქუვეითელი აბდლა ტალები სულ რაღაც 26 წამში დაამარცხა, უზბეკ მუხამადკარიმ ხურამოვთან კი ურთულესი შეხვედრა გადაიტანა და დაახლოებით 7 წუთის თავზე იპონზე დააგდო. მეოთხედფინალში ონისემ ევროპის 2017 წლის ჩემპიონს, სერბ ალეკსანდარ კუკოლს იპონით სძლია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ქართულ დელეგაციას ყაზანის გრანდ სლემზე 2 მედალი აქვს მოპოვებული. ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) გახდა, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები