Thumbnail

ბრაზილიის ნაკრები მუნდიალს ერთ-ერთი ძირითადი ფავორიტის რანგში ეგებება. ბრაზილიას იმედი აქვს, რომ 16-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოიპოვებს მსოფლიო თასს. ამ მოლოდინს ყველა პარამეტრი ამყარებს - კარგად დაბალანსებული შემადგენლობა, სუპერვარსკვლავი გუნდში, კარგ ფორმაში მყოფი ლიდერები და შესანიშნავად ჩატარებული შესარჩევი ციკლი.

შემადგენლობა

ბრაზილიას მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა მიჰყავს. გუნდი ყველა ხაზში კარგად არის დაკომპლექტებული, რაც აუცილებელ სათამაშო ბალანსს განაპირობებს. ამაში შესარჩევი ციკლიც გვარწმუნებს: „სელესაო“ თანაბრად კარგად გამოიყურებოდა როგორც შეტევით, ასევე დაცვით ფაზაში და შესარჩევის 18 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა (თამაშში 2 გოლზე მეტი) და მხოლოდ 11 გაუშვა (თამაშში -0.6).

ბრაზილიელთა ერთადერთი და მთავარი თავის ტკივილი ნეიმარის ტრამვაა. უკვე ორი თვეა, „სელესაოს“ ლიდერი მკურნალობს და ყველა პროგნოზით, მსოფლიოს ჩემპიონატს მზად უნდა შეხვდეს. თუმცა, რა ფორმაში იქნება იგი, ბრაზილიელთათვის მთავარ გამოწვევად რჩება.

მეკარე

მეკარის პოზიციაზე ბრაზილიის ნაკრები ყველაზე საიმედოდ არის დაკომპლექტებული. გუნდში ორი მსოფლიო კლასის მეკარეა - რომას ალისონ ბეკერი და მანჩესტერ სიტის ედერსონი.

ძირითად მეკარედ ალისონი მიიჩნევა, რომელსაც წელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და სატრანსფერო ხმების მიხედვით, ბევრ ევროპულ გრანდს სურს მისი რომადან შეძენა. ალისონმა მთელი შესარჩევი ციკლი სტაბილურად ჩაატარა და მეკარის პოზიციაზე, რომელიც ბრაზილიისთვის ისტორიულად სუსტ წერტილად მიიჩნევა, „სელესაოს“ გულშემატკივრებს სანერვიულო არაფერი აქვთ.

ალისონი "სელესაოს" ძირითადი მეკარეა

მანჩესტერ სიტიში კარგი სეზონი ჩაატარა ედერსონმა, რომელიც პრემიერლიგის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა. ამ ორივე მეკარეს საერთო ის აქვთ, რომ ახალი საფეხბურთო ტენდენციების მიხედვით, ძალიან კარგად თამაშობენ ფეხით. შემთხვევითი არ არის, რომ თავისი გუნდის ძირითად მეკარედ ედერსონი გვარდიოლამ შეარჩია. ბრაზილიას ეყოლება მეკარე, რომელიც ფეხით მინდვრის მოთამაშეებზე არანაკლებ თამაშობს და შეტევის დაწყება კარგად შეუძლია.

საინტერესოა, რომ ალისონ ბეკერი დაბადებულია ბრაზილიის პატარა ქალაქ ნოვო ჰამბურგოში, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „ახალი ჰამბურგი“. ეს ქალაქი  გერმანელი ემიგრანტებით არის დასახლებული, სწორედ ამიტომ ეწოდა ასეთი სახელი და სწორედ ამიტომ ჟღერს ალისონის გვარი ძალიან გერმანულად.

დაცვის ხაზი

გულშემატკივართა მოლოდინი ბრაზილიას, უპირველეს ყოვლისა, შემტევ ფეხბურთს უკავშირებს, თუმცა ამ თაობის „სელესაოში“ ყველაზე კარგად, ალბათ მაინც, დაცვის ხაზია დაკომპლექტებული. დაცვის ცენტრში ორი გამოცდილი მოთამაშე თამაშობს - ტიაგო სილვა და ინტერის ჟოაო მირანდა. სილვა უკვე ბევრი წელია ნაკრების ლიდერია, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმა. ძალიან კარგად იწყებს შეტევებს, ფლობს გრძელ პასს და კარგია დაზღვევასა და პოზიციურ თამაშში.

ტიაგო სილვას კარგად ავსებს მირანდა, რომელიც უფრო მეტად ჩამშლელია, ძლიერია ორთაბრძოლებში, ძალიან ხისტია და კარგად თამაშობს თავით. ამ დუეტს ერთმანეთთან თამაშის პრაქტიკაც აქვს. ბოლო ორი ამხანაგური მატჩი გერმანიასა და რუსეთის წინააღმდეგ ბრაზილიამ სწორედ ამ დუეტით ითამაშა და არცერთი გოლი არ მიიღო. სავარაუდოა, რომ მუნდიალზე სწორედ ეს წყვილი იქნება ძირითადში, ხოლო პარი სენ-ჟერმენში ტიაგო სილვას პარტნიორი მარკინიოსი კი სათადარიგო სკამიდან იქნება. მარკინიოსის თადარიგში ყოფნა დიდი ძალაა. ის კარგი მცველია და სილვასთან  თამაშის დიდი პრაქტიკა აქვს. ასე რომ, დაცვის ხაზში ბრაზილიას ერთდროულად სამი მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს.

კიდევ უფრო მეტად ვარსკვლავურია დაცვის ხაზში ბრაზილიელთა ფლანგები. ალბათ არცერთ ნაკრებს არ ჰყავს ისეთი კლასის ფლანგის მოთამაშეები, როგორც ბრაზილიას. მარცხნიდან რეალის მარსელო ითამაშებს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა კი სერიოზული ტრავმა მიიღო და მუნდიალზე ვერ იასპარეზებს. (► დანი ალვეში მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს). ორივე ეს მოთამაშე ძალიან გამოცდილია და ნაკრებში ბევრი წელია თამაშობს. ორივე ძალიან მაგრად უტევს ფლანგიდან და მათი წყალობით, ბრაზილიელთა ფლანგები „სელესაოს“ ყველაზე ეფექტური და სახიფათო იარაღი იქნება.

გასულ წელს მარსელოს რამდენიმე თამაშში ალექს სანდროც შეენაცვლა. ნაკრების მწვრთნელის, ტიტეს აზრით, ალექს სანდრო უფრო მეტად დაცვაზე იყო ორიენტირებული და მასთან ერთად, ბრაზილია უკანა ხაზში უფრო გაუვალი იყო. წელს ალექს სანდრო ისეთ ფორმაში ვეღარ არის, როგორც შარშან და სანდროს სათადარიგო სკამიდან უნდა მოუწიოს თამაში.

ნახევარდაცვის ხაზი

მაშინ, როდესაც ბრაზილიის განაპირა მცველები დაცვიდან შეტევაში გადასვლისას „სელესაოს“ უმთავრესი იარაღია და ისინი დიდ დროს ატარებენ შეტევაში, გუნდს მოედნის ცენტრში აუცილებლად სჭირდება კარგი ჩამშლელები, რომლებიც შეტევაში წასულ განაპირა მცველებს დააზღვევენ და ცენტრალურ მცველებს დაეხმარებიან.

ბრაზილიას ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგში აქვს. ნაკრებში ერთდროულად ორი ძალიან კარგი ჩამშლელი თამაშობს, რომელთაც წელს შესანიშნავი სეზონი აქვთ - მანჩესტერ სიტის ფერნანდინიო და რეალის კაზემირო. ორივე მათგანი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჩამშლელია, ბოლო ორ წელიწადში ფერნანდინიომ გვარდიოლას სიტიში საგრძნობლად მოუმატა პასში თამაშის ტექნიკას. თავისი პოზიციისთვის პასით თამაში ასევე იცის კაზემირომაც.

ბრაზილიას წინა მსოფლიოს ჩემპიონატებისგან განსხვავებით, როდესაც ამ პოზიციაზე მხოლოდ ჩაშლაზე ორიენტირებული ფელიპე მელო (2010 წელს) და ფერნანდო-ფერნანდინიოს დუეტი (2014 წელს) ჰყავდა, უფრო მრავალმხრივი მოთამაშეები ეყოლება.

ამ დუეტთან ერთად, მოედნის ცენტრში სტაბილური სათამაშო დრო აქვს რენატო აუგუსტოს, რომელიც ჩინეთში თამაშობს. რენატო ვარსკვლავური მოთამაშე არ არის და ევროპაშიც, ბაიერ ლევერკუზენის გარდა, არსად უთამაშია, თუმცა ტიტეს იგი ძალიან მოწონს და ხშირად ათამაშებს. როდესაც რენატო აუგუსტო თამაშობს, მაშინ ტიტე ფერნანდინიო-კაზემიროს დუეტიდან იძულებულია, ერთ-ერთი სკამზე დასვას. უფრო ხშირად კაზემიროა ძირითადში, ხოლო ფერნანდიონიო კი სათადარიგო სკამზე ზის ხოლმე.

ცალკე უნდა გამოიყოს პაულინიო და მისი სათამაშო როლი ბრაზილიის ნაკრებისთვის. პაულინიო ტიტეს მწვრთნელობის პერიოდში მუდამ თამაშობს. ტიტეს იგი მისი უბურთოდ თამაშის უნარისა და დინამიზმის გამო სჭირდება. პაულინიო ბევრს მოძრაობს და ათლეტურია, განსაკუთრებით გამოირჩევა მისი შეტევაში ჩართვის უნარი. ასე რომ, პაულინიოსთან ერთად, ტიტეს თან მოედნის ცენტრში ჰყავს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე, რომელიც ერთდროულად კარგია ართმევაზე და ამავე დროს, ბევრად უფრო სტატიკურ კაზემიროსთან და ფერნანდინიოსთან შედარებით, მუდამ მზად არის, შეტევაში ჩაერთოს.

თავდასხმის ხაზი

ტიტე სტაბილურად თამაშობს 4-3-3 სისტემით და შემტევ ხაზში მას სამი ადგილი აქვს. მხოლოდ ერთხელ, რუსეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მოსინჯა მან უფრო შემტევი 4-5-1 სქემა, რომელშიც ერთდროულად ოთხ შემტევს მოუძებნა ადგილი. სავარაუდოა, რომ ტიტე ნაცადი 4-3-3-ით ითამაშებს მუნდიალზეც, სათადარიგო შემტევ სქემას კი მხოლოდ იმ სიტუაციებისთვის გამოიყენებს, როდესაც ბრაზილიას აუცილებლად გატანა დასჭირდება.

შემტევ სამეულში ერთი ადგილი ნეიმარს აქვს გარანტირებული. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფორმაში იქნება ტრავმის შემდეგ, იგი აუცილებლად ითამაშებს. ნეიმართან ერთად თითქმის მუდმივად თამაშობს ხოლმე ფელიპე კოუტინიო. თუმცა, კოუტინიოს წელს რთული სეზონი ჰქონდა. სეზონის მეორე ნახევარში, ბარსელონაში ტრანსფერის შემდეგ, კოუტინიო ფორმაში არ არის და მუდმივი სათამაშო დრო არ ჰქონია.

საპირისპიროდ, მისი კონკურენტები, რომლებსაც მარჯვენა შემტევის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ - დუგლას კოშტა და ვილიანი ძალიან კარგ ფორმაში არიან. ამის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ ტიტე მაინც კოუტინიოს ენდობა და ტურნირს ძირითად შემადგენლობაში მას დააწყებინებს, თუმცა სათამაშო წუთებს ვილიანსა და დუგლას კოშტასაც მისცემს.

ბრაზილია მუდამ ერთი, მკვეთრად გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობს. ტიტეს ამ როლზე მანჩესტერ სიტის გაბრიელ ჟეზუში ჰყავს მოაზრებული. ჟეზუშს კარგი სეზონი ჰქონდა და მისი პირველი ევროპული წელი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.

ამის მიუხედავად, ლივერპულისა და მისი თავდამსხმელის, რობერტო ფირმინიოს ფანტასტიკური თამაში სეზონის მეორე ნახევარში ტიტეს დილემის წინაშე აყენებს. ფირმინიო ძალიან მაგარ ფორმაშია, თუმცა იგი სტილით განსხვავდება გაბრიელ ჟეზუშისგან. ჟეზუში უფრო საჯარიმოში თამაშობს, ფირმინიო კი უკან ჩამოდის, ბევრს მოძრაობს და სივრცეს უქმნის თანაგუნდელებს, რომლებიც შეტევაში სიღრმიდან ერთვებიან. ლივერპულისგან განსხვავებით, ბრაზილიის ნახევარდაცვა ნაკლებად მობილურია. სწორედ ამიტომ, ტიტე, სავარაუდოა, რომ უფრო მეტად საჯარიმოში მოთამაშე ჟეზუშს ენდობა და ძირითადში მას დააწყებინებს.

სტატიის გამოქვეყნებიდან ორ დღეში დანი ალვეშმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მუნდიალს გამოტოვებს

მთავარი მწვრთნელი

დუნგას წარუმატებელი მწვრთბელობის შემდეგ, ბრაზილია ტიტემ ჩაიბარა. ევროპელი გულშემატკივრისთვის მისი სახელი კარგად არ არის ცნობილი - მას ევროპაში არასოდეს უმუშავია, თუმცა სამხრეთ ამერიკაში წარმატებულ მწვრთნელად მიიჩნევა. ტიტემ ნაკრებამდე 4 წელი ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში კორინთიანსში იმუშავა და მასთან ერთად მოიგო, როგორც ლიბერტადორესის თასი, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სადაც ბრაზილიელებმა ჩელსი დაამარცხეს.

საკვანძო მოთამაშე

ბრაზილიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ფორმაში იქნება ტრავმის მერე ნეიმარი - ნაკრების უპირობო ლიდერი. ნეიმარის გარდა, „სელესაოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ტიაგო სილვას ფაქტორი. ტიაგო სილვა ძალიან გამოცდილი მოთამაშეა, ლიდერია გასახდელში და დაცვის ორგანიზება სწორედ მას ევალება. ნიშანდობლივია, რომ წინა მუნდიალზე გერმანიასთან კატასტროფულ მარცხის დროს, ბრაზილიას სწორედ ეს ორი მოთამაშე აკლდა და როგორ გამოიყურებოდა ბრაზილიის დაცვა ტიაგო სილვას გარეშე, ამაზე გერმანიასთან 7 გაშვებული გოლიც მეტყველებს.

გზა

ბრაზილიას საკმაოდ მარტივი ჯგუფი შეხვდა. მათი უმთავრესი მოწინააღმდეგე შვეიცარიის ნაკრები იქნება. „სელესაოს“ არ გაუმართლა, რომ თავის პირველ თამაშს, ტრადიციულად რთულ გახსნის შეხვედრას, სწორედ შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც დაცვიდან თამაში კარგად შეუძლია. დანარჩენი ორი მოწინააღმდეგე, სერბეთისა და კოსტა-რიკის ნაკრები გუნდები, ბრაზილიელთათვის სერიოზულ მოწინააღმდეგეებად არ უნდა მივიჩნიოთ.

არსებობს ალბათობა, ბრაზილია უკვე მერვედფინალში გადაეყაროს გერმანიის ნაკრებს. ამ თამაშს წინა ჩემპიონატის გამანადგურებელი მარცხის შემდეგ „სელესაოსთვის“ განსაკუთრებული დატვირთვა ექნება.

ძლიერი და სუსტი მხარეები

ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და ვარსკვლავური გუნდია. ჩემპიონობის მსურველ გუნდს ერთ თვეში 7 თამაშის ჩატარება უწევს, რაც ფიზიკურად ძალიან რთულია, ბრაზილიას კი აქვს ის უპირატესობა, რომ ყველა ხაზში სათადარიგო სკამზე თითქმის იგივე კლასის მოთამაშეები ეჯდეს.

ტიტე გუნდს ორი წლის განმავლობაში მიზანმიმართულად აშენებდა - გუნდის სათამაშო სისტემა და სტილი არ იცვლებოდა. გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე რამდენიმე წელია ერთად თამაშობს და უაღრესად გამოცდილია. „სელესაოს“ რიგებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვს.

ურთულეს სამხრეთამერიკულ შესარჩევ ციკლში „სელესაომ“ მხოლოდ ერთი თამაში წააგო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაკრების ლიდერებს წელს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბრაზილია უძლიერესი გუნდია.

შემადგენლობაში ერთადერთი სისუსტე ის შეიძლება იყოს, რომ ტიტეს შუა ხაზში არ ჰყავს შემქმნელი ფეხბურთელი, რომელსაც შეტევის დაწყება და ბურთის გათამაშება ეხერხება. „სელესაოს“ შუა ხაზში ჩამშლელები თამაშობენ, ხოლო ბურთის ამოტანა უფრო ფლანგის მოთამაშეებს აქვთ დავალებული. 

პრობლემური შეიძლება იყოს ნეიმარის ფაქტორიც. ნეიმარის სათამაშო თვისებები ეჭვს არ იწვევს, თუმცა ბარსელონადან ტრანსფერის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი ადამიანური ხასიათი. თუმცა, ნეიმარი, როგორც ნაკრების ლიდერი, „სელესაოში“ განსხვავებულად იქცევა ხოლმე. ეგოიზმი და ზედმეტად  ვარსკვლავური ქცევა მოედანზე, თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან კონფლიქტი ის ამბებია, რომლებიც ნეიმარის მხოლოდ პარიზულ კარიერას უკავშირდება.

ისტორიული პანორამა

ბრაზილიურ ფეხბურთში ორი ძირითადი სათამაშო სკოლაა. გულშემატკივართათვის ბრაზილია იმ სათამაშო სტილთან ასოცირდება, რომელიც რიო დე ჟანეიროს სკოლას ეკუთვნის. ეს არის შემტევი, ტექნიკური, ლაღი და გულშემატკივრისთვის სიამოვნების მინიჭებაზე ორიენტირებული თამაში. რიო დე ჟანეიროში ლაღი და გართობის მოყვარული ხალხი ცხოვრობს - ასეთია მათი კულტურა და ცხოვრების წესი. ეს აისახება რიოს გუნდების სათამაშო სტილზეც.

რიოსგან განსხვავებით უფრო მდიდარი სან პაულო ბრაზილიის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია. სან პაულო თავს თავისი სამუშაო ეთიკითა და ორგანიზებულობით იწონებს. სან პაულოს საფეხბურთო სკოლა უფრო დისციპლინირებულ თამაშს ქადაგებს.

ტიტეს რიოს გუნდებში არასოდეს უმუშავია. იგი სან პაულოს სტილის წარმომადგენელია - სხვადასხვა დროს, სამჯერ წვრთნიდა კორინთიანსს და ასევე პალმეირასს - კიდევ ერთ კლუბს სან პაულოდან. ბრაზილიის ნაკრებიც ტიტეს ხელში ორგანიზებულ და დისციპლინირებულ, ე.წ. „სან პაულოს ფეხბურთს“ ითამაშებს.

1982 და 1986 წლების მუნდიალზე ტელე სანტანას ბრაზილია შესანიშნავ, შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ორჯერვე დასანანი მარცხი იწვნია. ეს ბრაზილიელთათვის დიდი დარტყმა იყო, რამაც მათი საფეხბურთო ცნობიერება ნაწილობრივ შეცვალა. 1994 წლიდან მოყოლებული ბრაზილია უმეტესად ცდილობს, რომ მუნდიალზე სან პაულოს ფეხბურთის მოთამაშე ნაკრები წავიდეს - ასე იყო 1994-ში კარლოს ალბერტო პარეირას გუნდი, ასევე 2002-ში და 2014-ში, როდესაც სელესაოს სკოლარი წვრთნიდა და 2010-ში, როცა ნაკრების მწვრთნელი დუნგა იყო.

სწორედ 80-იან წლებში განცდილმა მარცხმა განაპირობა, რომ ბრაზილიურ საფეხბურთო სისტემაში ცდილობენ, მოედნის ცენტრის მოთამაშეები მაქსიმალურად ხისტ და ძალისმიერ თამაშს მიაჩვიონ. შემთხვევითი არ არის, რომ უკვე ბევრი წელია, ბრაზილიელი დაცვითი ტიპის საყრდენები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მიიჩნევიან, ხოლო ჩავის ან პირლოს ტიპის ნახევარმცველი მოედნის ცენტრში „სელესაოს“ უკვე დიდი ხანია, არ ჰყოლია.

ასეთი გუნდი ბრაზილიას სულ მცირე 2006 წლის შემდეგ არ ჰყოლია და მეტიც, ეს გუნდი, უფრო დაბალანსებულია, ვიდრე 2006 წლის ნაკრები რონალდოთი და რონალდინიოთი. ტიტეს გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია და რეალური შანსი აქვს, გაიმეოროს თავისივე შედეგი - წამოიღოს მსოფლიო თასი ევროპიდან. ლეგენდად ქცეული პელეს და გარინჩას გუნდის მიღწევა, რომელიც 1958 წლის შემდეგ, არცერთ სამხრეთამერიკულ ნაკრებს არ გაუმეორებია.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • გერმანია
  • ბრაზილია
  • საფრანგეთი
  • ესპანეთი
  • არგენტინა
  • ბელგია
  • ინგლისი
  • პორტუგალია
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები