Thumbnail
  • ინდიანა 133:126 ატლანტა
  • 21 წლის ქართველ ცენტრს წარუმატებელი მატჩი ჰქონდა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს მიმდინარე სეზონში 35 მარცხის წილ 31-ე გამარჯვება იზეიმა, რაშიც 21 წლის ქართველმა ცენტრმა მცირე წვლილი შეიტანა.

ინდიანელები შინ ატლანტა ჰოუქსს დაუხვდნენ და დამაჯერებლად ჩატარებული პირველი ტაიმის (14 ქულით მოიგეს) წყალობით, მეტოქე 133:126 დაამარცხეს, ქართველ კალათბურთელს კი, სასტარტო ცენტრის მაილს ტერნერის არყოფნის მიუხედავად, ისევ სათადარიგოს როლი ერგო. შეგახსენებთ, რომ ბითაძეს საკრამენტოსთან თამაშისას მთავარი მწვრთნელის ასისტენტ გრეგ ფოსტერთან კონფლიქტი მოუვიდა და მართალია, მხოლოდ ფულადი ჯარიმით გადარჩა, ამჯერად, 14 წუთზე მეტი არ უთამაშია.

გოგამ მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა და 2 ქულას 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება წაამატა, ბურთი არ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. სათქმელია ისიც, რომ მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში პეისერსმა მეტოქეზე 3 ქულით ნაკლები  ჩააგდო და ამაზე უარესი მაჩვენებელი გუნდში მხოლოდ ერთ კალათბურთელ კელან მარტინს (-4) ჰქონდა. მასპინძელთა რიგებში სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ლიეტუველ დომანტას საბონისს (3 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი), კარის ლევერტმა კი 31 ქულა და 12 პასი მიითვალა.

ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს ინარჩუნებს და ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ რეგულარული სეზონი მოწინავე ათეულში დაასრულოს, ეს კი, ე.წ. “პლეი ინში” მოხვედრას ნიშნავს. პეისერსს მომდევნო შეხვედრა 9 მაისს, ისევ შინ, ვაშინგტონ უიზარდსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები