Thumbnail
  • ტენერიფე 86:88 (ოტ.) სტრასბურგი
  • ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სენსაციურად წააგო ფრანგულ სტრასბურგთან, არადა, ქართველმა ცენტრმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

ესპანური კლუბი რუსულ ნიჟნი ნოვგოროდში მიმდინარე “რვათა ფინალის” ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა, პირველივე შეხვედრაში წაიფორხილა. გამარჯვებულის ბედი ოვერტაიმში გაირკვა, სადაც ფრანგებმა 88:86 მოიგეს.

გიორგი შერმადინი თამაშამდე დააჯილდოვეს

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 35:15 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ თამაშამდე შერმადინს, როგორც ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში დასახელებულ მოთამაშეს, სპეციალური პრიზიც გადაეცა.

ამდენად, ლენოვო ტენერიფე ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად გამოეთიშა, ჩემპიონობისთვის ბრძოლას კი, სტრასბურგის გარდა, ესპანური სარაგოსა და თურქული ქარშიაქა აგრძელებენ. კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა დასკვნით მეოთხედფინალში გაირკვევა, რომელშიც თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსი ებრაულ ჰაპოელ ჰოლონს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები