Thumbnail

'პირველ გუნდში ივარჯიშებს' - ესპანური მედია ვალენსიაში მამარდაშვილის ტრანსფერზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ვალენსიური PlazaDeportiva საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერს ეხმაურება ესპანურ კლუბში. შეგახსენებთ, რომ La Voz Del Puchades-ის ინფორმაციით, გიორგი ვალენსია CF მესტალიაში ერთწლიანი იჯარით გადადის, რომლის დასრულებისთანავე ვალენსიას მისი გამოსყიდვა მილიონ ევროდ შეეძლება. 

გამოცემა სავარაუდო ტრანსფერის დეტალებს აზუსტებს. ისევე, როგორც ვალენსიას,  CF მესტალიასაც ცუდი დროება აქვს და დიდი ალბათობით, ახალ სეზონში ის ესპანეთის რანგით მე-5 დივიზიონში იასპარეზებს. იქ სათამაშოდ კი უეფას მიერც 2021 წლის ტოპ 50 ტალანტში მოხვედრილი 20 წლის მეკარე არავის ემეტება, თუმცა მას ლა ლიგაში თამაშის შანსიც ექნება.

"მამარდაშვილი CF მესტალიაში კი ითამაშებს, მაგრამ ამავდროულად, შავ-თეთრების მე-3 გოლკიპერი იქნება. კვირის განმავლობაში ქართველი პირველ გუნდში ივარჯიშებს და მხოლოდ თამაშებზე იქნება მესტალიას შემადგენლობაში პრაქტიკის მისაღებად. ესეც იმ შემთხვევაში თუ ლა ლიგის ტურის წინ პირველი გუნდის ოფიციალურ განაცხადში ვერ მოხვდება. მისი მთავარი მიზანი იქნება, ხოსე მანუელ ოჩოტორენას გულის მოგება". 

ხოსე მანუელ ოჩოტორენა რეალისა და ვალენსიას ყოფილი გოლკიპერი, ახლა "ღამურების" მეკარეების მწვრთნელია. 

"ვალენსიას ტექნიკური საბჭო დროთა განმავლობაში გადაწყვეტს მის სტატუსს გამომდინარე იქიდან, თუ, რა ტემპით წარიმართება მამარდაშვილის პროგრესი. საქართველოს ნაკრებში მიწვეული მოთამაშის აყვანით მესტალიური კლუბი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ კარგ მარკეტინგულ გათვლას აკეთებს. 

შეთანხმება წინა კვირას უნდა შემდგარიყო, მაგრამ covid-19-თან დაკავშირებული პრობლემების გამო ესპანური მხარე საქართველოში ვერ გაემგზავრა. დინამო თბილისის მხრიდან ტრანსფერზე თანხმობა უკვე არის. ასე რომ, შეთანხმება შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაფორმდეს. თვეების განმავლობაში ვალენსიას სკაუტებს პოზიტიური რეპორტაჟები ჰქონდათ ამ მეკარეზე და მიგელ ანხელ კორონამ ტრანსფერის გაჩარხვა გადაწყვიტა". 

PlazaDeportiva იმასაც უსვამს ხაზს, რომ მამარდაშვილი უფრო შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემების პატრონია, ვიდრე ვალენსიას სხვა გოლკიპერები:

"ცაცია გოლკიპერი, 196 სანტიმეტრია სიმაღლეში, დიდი ხელშლით მას კარის დიდი ნაწილის დაფარვა შეუძლია. ვალენსიას ორი გოლკიპერი გაცილებით ნაკლები მონაცემების არიან - სილესენი - 187 სმ, ხაუმე - 185, ხოლო კრისტიან რივერო - 188". 

შეგახსენებთ, რომ ახლახან "ტრანსფერმარკტმა" მამარდაშვილის საბაზრო ფასი განაახლა, ის 800 000 ევრო ღირს და ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. 

კომენტარები

ბოლო ამბები