Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქუთაისი 2:0 მარნეული
  • რუსთავი 2:1 ბათუმი
  • კაკტუსი 0:2 მგზავრები
  • დინამო 2:0 ოლიმპი

საკალათბურთო სუპერლიგაში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და გამოვლინდნენ ის გუნდები, რომლებიც ნახევარფინალში იასპარეზებენ და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ…

ქუთაისი

ქუთაისი მარნეულთან დაპირისპირებაში ფავორიტი იყო და გაამართლა კიდეც სტატუსი. იმერლებმა ორი მატჩი მოუგეს მეტოქეს და დამაჯერებლად გავიდნენ მომდევნო ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინური ეტაპი ორი მატჩის მოგებამდე გრძელდებოდა.

პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა ქვემოქართლელები 85:70 დაამარცხეს და სერიაში დაწინაურდნენ. მეორე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და იქაც იგივე სცენარი გათამაშდა. ქუთაისი დიდ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ, 83:70 დაამარცხა მეტოქე.

მეორე მატჩის შემდეგ, ქუთაისის მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“მიუხედავად იმისა, რომ დელტა რეგულარულ ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გავიდა, ბოლომდე ბრძოლას ველოდით და ასეც მოხდა. პირველ ნახევარში დიდი პრობლემები შეგვიქმნეს, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა მოვიპოვეთ და გავიმარჯვეთ. წინ ნახევარფინალური ეტაპია და ველოდებით მოწინააღმდეგეს”

ქუთაისი 2:0 მარნეული

რუსთავი

ქუთაისის მეტოქე რუსთავი-ბათუმის დაპირისპირებაში გაირკვა. ეს იყო ერთადერთი მეოთხედფინალური დუელი, რომელშიც მესამე მატჩის გამართვა გახდა საჭირო. გუნდებმა თითო მოგება გაცვალეს და გადამწყვეტი მატჩი რუსთავში გაიმართა.

მატჩი რუსთაველთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა, 78:69. იყო პერიოდი, როდესაც მასპინძელთა უპირატესობა 23 ქულამდე ავიდა, ბათუმი კი ერთხელაც არ გასულა წინ. 

რუსთავმა მეტოქეს 15 სამ-ქულიანი ჩაუგდო, როდესაც ბათუმმა მხოლოდ ერთხელ ესროლა პერიმეტრიდან ზუსტად. მასპინძლები სხვა კომპონენტებშიც ფლობდნენ უპირატესობას და დამსახურებულად გავიდნენ ნახევარფინალში.

რუსთავი 2:1 ბათუმი

მგზავრები

სუპერლიგის მიმდინარე გათამაშების ყველაზე დიდი სენსაცია მგზავრები-კაკტუსის დუელში დაფიქსირდა. მგზავრებმა რეგულარული ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა და მოულოდნელად, ორივე მატჩი მოუგო მეორეადგილოსან კაკტუსს.

მგზავრებმა პირველი მატჩი 85:69 მოიგეს და დაწინაურდნენ სერიაში. მეორე შეხვედრაც მგზავრების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, 12-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, 87:75.

ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):

“რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 3 შეხვედრაში ჩვენ უკვე ვემზადებოდით კაკტუსთან სათამაშოდ. ამ მზადებამ შედეგი გამოიღო და მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს გაწეული შრომისთვის. როგორც მთავარი მწვრთნელი, სუპერლიგის ნახევარფინალში პირველად გავედი და ეს ჩემთვისაც დიდი სტიმულია. პროგრამა მაქსიმუმი მიღწეულია და არაფერი გვაქვს სანერვიულო. დინამოს ბოლომდე ვეთამაშებით და ვეცდებით ფინალში გავიდეთ”

მგზავრების სენსაციური გამარჯვება კაკტუსთან

დინამო

როგორც მოსალოდნელი იყო, დინამომ ორივე მატჩი მოუგო ოლიმპს და ნახევარფინალიური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც მგზავრებთან მოუწევს დაპირისპირება.

დინამომ ორივე მატჩი დამაჯერებლად წარმართა და ჯერ 70:43 სძლია მეტოქეს, შემდეგ კი 70:60 მოიგო და სერიაც დახურა.

დინამოს რიგებში პირველ შეხვედრაში ლაველ ბოიდი გამოირჩა 15 მოპოვებული ქულით, მეორე პაექრობაში კი ყველაზე შედეგიანი ნოდარ გოგოძე იყო 18 ქულით. 

სუპერლიგის ნახევარფინფინალში 2 საინტერესო დუელი შედგება: ქუთაისი V რუსთავი,  მგზავრები V დინამო

დინამო 2:0 ოლიმპი

 

კომენტარები

ბოლო ამბები