Thumbnail
  • ბაიერნს ევროპაში ყველაზე გამართული მენეჯმენტი და სტრუქტურა აქვს
  • მიუნხენელები ადგილობრივ კულტურას განასახიერებენ
  • კლუბი ოჯახური პრინციპით იმართება - უცხო კადრებს არ იღებს
  • მთავარი პრინციპი გასავალის შემცირებაა და არა შემოსავლის ზრდა

"შემოსავლების ზრდას მნიშვნელობა არ აქვს, თუ გასავალი არ დარეგულირდა!" - ცოტა ირონიული იყო ბაიერნის პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე სუპერლიგის პროექტში მონაწილე კლუბების მიმართ.

რუმენიგეს აზრების მოსმენა და გათვალისწინება ახლა ბევრს მოუწევს - ის უკვე ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი და ევროპულ ფეხბურთში ყველაზე გავლენიანი კაცია. სუპერლიგის კრიზისის შემდეგ კლუბის მართვის გერმანულ მოდელზე ბევრი ალაპარაკდა. ბაიერნი და, ზოგადად, გერმანული ფეხბურთი იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა მართო კლუბი, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სუპერკლუბი.

ევროპულ კლუბებს გადაწყობა სწორედ ბაიერნის მაგალითზე მოუწევთ. რატომაა რეკორდმაისტერის მოდელი სრულყოფილი?

გრანდების კრიზისი

სუპერლიგის ჩავარდნილმა პროექტმა ზუსტად აჩვენა, რა მდგომარეობაა ევროპულ გრანდებში.

"ინგლისურ კლუბებს შორის ერთ-ერთს სუპერლიგაში თამაში არ უნდოდა, ამიტომ პირველივე პრობლემაზე უარი თქვა, დანარჩენებიც მას მიყვნენ" - ასე ახსნა უკმაყოფილო ფლორენტინო პერესმა სუპერლიგიდან ინგლისური კლუბების გასვლა. პერესს კლუბი არ დაუსახელებია, თუმცა ნათელია, რომ ის ჩელსის, ან მანჩესტერ სიტის გულისხმობდა. ეს კლუბები სუპერლიგას ყველაზე გვიან, მის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე შეუერთდნენ და ყველაზე ადრე დატოვეს.

ამის მიზეზი ის არის, რომ რომან აბრამოვიჩს და საამიროების სამეფო ოჯახს ჩელსი და სიტი ფულის საკეთებლად არ უნდათ, პირველ რიგში მათთვის ეს საიმიჯო პროექტია. ისინი ევროპაში, დასავლურ სამყაროში იმიჯს იკეთებენ და ახლა სუპერლიგის გამო შემოსავლების ზრდას, თუმცა საიმიჯო ზარალს არაფრით დათანხმდებოდნენ.

აბრამოვიჩი თავის იმიჯს ძალიან უფრთხილდება და სუპერლიგის იდეა თავიდანვე არ მოსწონდა

მათ დანარჩენი ინგლისური კლუბებიც მიჰყვნენ, უკვე ამერიკელი მფლობელებით, რომელთაც შემოსავლების ზრდა და რისკების შემცირება სუპერლიგის პროექტით ნამდვილად სურდათ, თუმცა ასევე ძალიან შემოსავლიან პრემიერლიგასთან, გულშემატკივართან და ინგლისის მთავრობასთან კონფლიქტს მოერიდნენ. პრემიერლიგა მათ ისედაც აძლევს საკმარის შემოსავალს.

არაინგლისური კლუბებიდან პირველი ატლეტიკო იყო. მადრიდულ კლუბს მოწესრიგებული ფინანსები, კარგად გამართული სახელფასო სისტემა, ტრანსფერების მოწესრიგებული სტრატეგია და საკუთარი სტადიონი აქვს. ამ ფონზე მათ სუპერლიგის ძალიან რისკიან პროექტში მონაწილეობა ნამდვილად არ უღირდათ. მით უმეტეს, მადრიდელთა მფლობელი მიგელ ანხელ ხილ მარინი ლა ლიგის პრეზიდენტთან ხავიერ ტებასთან მეგობრობს და სწორედ მან გასცა პირველი ინფორმაცია სუპერლიგის შესახებ - ეს ტებასთან მეგობრული სადილის დროს მოხდა.

გამოჩნდა, რომ სუპერლიგის იდეა ძირითადად სამი სუპერკლუბის - რეალის, იუვენტუსის და ბარსელონას კუთვნილებაა. ასევე მათ მილანი და ინტერი დაემატათ. ამ კლუბების მონდომებას მათივე ფინანსური მდგომარეობა განაპირობებს. ბარსელონას მილიარდზე მეტი ვალი აქვს და ძალიან გაბერილი სახელფასო ფონდის პირობებში, ან როგორმე შემოსავლები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს, ან გუნდის დიდ ნაწილს შეელიოს. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე დიდი ზარალი ნახა იუვენტუსმაც (ყველაზე მეტი ევროპულ გრანდებს შორის), რეალს კი თავისი ახალი სტადიონის მშენებლობის გამო სპორტული აქტივობებისთვის (ტრანსფერები) დამატებითი სახსრების მოპოვება ძალიან უჭირს.

სწორედ ფინანსური და მარკეტინგული მიზეზით თქვა პარი სენ-ჟერმენმა სუპერლიგაზე უარი. კლუბს ყატარის სამეფო ოჯახი ფლობს და მათ ფინანსური პრობლემები არ აქვთ. გარდა ამისა, პსჟ ჩელსის და სიტის მსგავსად ყატარელთათვის ასევე საიმიჯო პროექტია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის გაშუქების უფლებას მომდევნო წლებში სწორედ ყატარული კომპანია ფლობს და ჩემპიონთა ლიგიდან გრანდების გასვლა ნასერ ალ ხელაიფის ინტერესებში არაფრით არ შედის. ყველაზე მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ყატარი 2022 წლის მუნდიალის მასპინძელია და ფიფასთან და უეფასთან მჭიდრო თანამშრომლობა უწევს. შესაბამისად, მათთან ურთიერთობის გაფუჭება გამორიცხული იყო.

ამ ფონზე სუპერლიგაში მონაწილეობის შესახებ შეთავაზებაც კი არ მიუღია მიუნხენის ბაიერნს. ამის მიზეზი ნათელია - მიუნხენური კლუბის მენეჯმენტი, ფინანსები და მართვის სტრუქტურა იმდენად ჯანსაღი და მოწესრიგებულია, რომ ბაიერნს მსგავს საეჭვო წამოწყებებში მონაწილეობის არანაირი მოტივაცია არ აქვს. ეს უბრალოდ გამორიცხულია! ეს არის კლუბი, რომელსაც ვალი საერთოდ არ აქვს და რომელმაც სტადიონის აშენებისთვის განკუთვნილი კრედიტი 16 წლით (!) წინსწრებით გადაიხადა.

Mia San Mia

Mia San Mia - ეს ფრაზა ბაიერნის ყველა გულშემატკივარმა იცის, მნიშვნელობა - ცოტა ნაკლებმა. ეს ფრაზა ბაიერნულ დიალექტზე ნიშნავს - ‘ჩვენ ვართ ჩვენ’. ანუ, ბაიერნი თავის იდენტობას, ტრადიციებს ძალიან უფრთხილდება. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ფრაზა სწორედ ბაიერნულ დიალექტზეა წარმოშობილი და არა გერმანულად. მიუნხენელები ხაზს უსვამენ, რომ ისინი პირველ რიგში ბაიერნს, გერმანიის ყველაზე ძლიერ და მნიშვნელოვან მხარეს, ბუნდესლანდს, წარმოადგენენ და მხოლოდ ამის შემდეგ გერმანიას. სწორედ ამიტომ, მთელს გერმანიაში, ნებისმიერ სტადიონზე როდესაც ბაიერნს ამარცხებენ, მეტოქე გუნდის გულშემატკივარი ყოველთვის მღერის - ‘დღეს ჩვენ მათ ტყავის შარვლები გავხადეთ’. ტყავის შარვალიც ტრადიციული ბაიერნული ატრიბუტია და მასზე ხაზის გასმით მეტოქეების მიუნხენელთა ბაიერნელობას უსვამენ ხაზს.

სალიჰამიჯიჩი და კანი ბაიერნის მენეჯმენტს შეუერთდნენ 

რა არის ბაიერნული იდენტობა? ეს არის მხარე, რომელიც გერმანიის ყველაზე დიდ ბიზნესებს აერთიანებს. ეს არის მხარე, რომელიც მაგალითად ულტრალიბერალური ბერლინისგან განსხვავებით, ძალიან კონსერვატიული და ტრადიციულია. მნიშვნელოვანია საუკუნოვანი ქრისტიანულ-კათოლიკური ტრადიციაც. ეს კულტურა მიუნხენში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ქალაქი თითქოს ერთი დიდი ოჯახია და მასში ფეხის მოკიდება რთული საქმეა. მიუნხენში უცხოები არ უყვართ. ბაიერნიც ამ კულტურის სახე და სიმბოლოა. ძალიან ტრადიციული კლუბი, რომელსაც მუდამ კლუბის ყოფილი ლეგენდები მართავენ - ის ხალხი, რომელმაც ბაიერნი რა არის, შიგნიდან იცის. რუმენიგე, ჰიონესი, კანი და სალიჰამიჯიჩი სწორედ ბაიერნის ყოფილი ლეგენდები არიან.

უცხო ორგანიზმი და უცხო იდეები ამ კლუბში ფეხს უბრალოდ ვერ მოიკიდებს. შესაბამისად, ბაიერნიც თავის იდენტობას, თავის სახეს უკვე ათწლეულებია, ინარჩუნებს.

სპორტული მენეჯმენტი

ლუი ვან გაალი: "მანჩესტერ იუნაიტედში როცა მუშაობ, უნდა იცოდე, რომ იქ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს-ინტერესებია. იუნაიტედი ისე მუშაობს, როგორც დიდი ბიზნესი. ბაიერნში კი პირიქით, ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მხარეა."

ბაიერნის მართვისა და მისი წარმატების მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი სპორტული ხასიათია. ბაიერნის მენეჯმენტში ივან გაზიდისის ან ედ ვუდვორდის ტიპის ელემენტი ვერასოდეს მოხვდება. ამ კლუბს სპორტის სამყაროდან მოსული ხალხი მართავს და არასოდეს ავიწყდებათ, რომ ბაიერნი პირველ რიგში საფეხბურთო კლუბია. ფინანსური და მარკეტინგული მხარე სწორედ სპორტულ ელემენტზეა მიბმული და არა პირიქით. ბაიერნი, მაგალითად, არასოდეს იყიდის რომელიმე ვარსკვლავს იმისთვის, რომ ცნობადობა გაზარდოს, რომელიმე ქვეყნის ბაზარზე გავიდეს, ან მაისურების გაყიდვით ზედმეტი თანხა იშოვოს. ბაიერნის მენეჯმენტში ბიზნესის ან მარკეტინგის სამყაროდან ვერ მიხვალ - აქ ფეხბურთის შიგნიდან მცოდნე ხალხი მუშაობს.

ული ჰიონესი ათწლეულების მანძილზე ბაიერნში ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი იყო

ული ჰიონესი კლუბს 1979 წლიდან მართავდა, ახლა კი საპატიო პრეზიდენტია. ამ წლის ბოლოს ბაიერნს კარლ-ჰაინც რუმენიგეც ჩამოშორდება. მას კლუბის კიდევ ერთი, უკვე მომდევნო თაობის ლეგენდა ოლივერ კანი ჩაანაცვლებს. ბაიერნი სწორედ ასე მუშაობს - ოჯახის პრინციპით.

კიდევ ერთი დეტალი: როდესაც ლეგენდარულ ჰიონესს გადასახადების დამალვის ბრალდებით რამდენიმე წლის ციხეში გატარება მოუწია, კლუბმა მისი თანამდებობა ვაკანტური დატოვა. ახალი კადრი არ შეურჩევიათ - უბრალოდ ელოდებოდნენ ჰიონესის ციხიდან გამოსვლას.

გერმანული მოდელი

მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონი სუპერლიგაში მონაწილე კლუბებს დაემუქრა, რომ მათ ამას კანონით აუკრძალავდა, ხოლო ბრიტანეთის ელჩმა საამიროების სამეფო ოჯახს ხმა მიაწვდინა, რომ ინგლისის მთავრობა მხარს არ უჭერდა, მანჩესტერ სიტის სუპერლიგაში მონაწილეობას, ბრიტანეთის კულტურის მდივანი ინგლისში გერმანული მოდელის დანერგვის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

კლუბის ფლობის გერმანული მოდელი გამორიცხავს მილიარდერების, ან ზოგადად, კერძო პირების, ან ბიზნესის მიერ კლუბის საკონტროლო პაკეტის ფლობას. კლუბს აქ გულშემატკივარი ფლობს. სწორედ ამიტომ ყველამ იცოდა, რომ სუპერლიგაში ბაიერნის და დორტმუნდის დაპატიჟებას აზრი არ ჰქონდა - ამას უბრალოდ გულშემატკივარი არ დაუშვებდა.

ინგლისში ამ პრინციპის დანერგვა გაჭირდება, იქ სხვა საკანონმდებლო და ეკონომიკური მდგომარეობაა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის ფონზე სპორტული სამყარო კლუბის ფლობის გერმანული მოდელის უპირატესობებზე ალაპარაკდა. ეს მოდელი კლუბების ცუდ ინვესტიციებს, გაკოტრების საფრთხეს და სხვა მსგავს რისკიან წამოწყებებს მინიმუმამდე ამცირებს. კლუბის ბედი გულშემატკივრის ხელშია და არა ერთი კაცის.

კარლ ჰაინც რუმენიგე: ‘ჩვენ არ შეიძლება იმ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, როდესაც მხოლოდ მილიარდერების კლუბები ითამაშებენ ერთამენთში!’

ასეა ბაიერნის შემთხვევაშიც. საკონტროლო პაკეტი, 75 პროცენტი გულშემატკივრისაა, უფრო სწორად ორგანიზაციის, რომელიც კლუბის 250 000 წევრს აერთიანებს.

დანარჩენი 25 პროცენტი კი ბაიერნმა თავის ძველ პარტნიორებს მიჰყიდა და კლუბის მფლობელობაში დიდი ბიზნესიც შემოიყვანა. ბაიერნის 8.33 პროცენტს აუდი, ადიდასი და ალიანსი ფლობენ. ტრადიციის და ოჯახურობის პრინციპი აქაც დაცულია. არანაირ უცხოურ კაპიტალზე საუბარიც კი არ ყოფილა. ბაიერნმა თავისი აქციები ძველ და ტრადიციულ პარტნიორებს მიჰყიდა. სამივე არამხოლოდ გერმანული, არამედ ბაიერნული კომპანიაა - აუდის მთავარი ოფისი ინგოლშტადტშია, პატარა ბაიერნულ ქალაქში, ადიდასის სათაო ოფისი ასევე ბაიერნულ პატარა ქალაქ ჰერცოგენაურახში მდებარეობს, ხოლო ალიანს ჯგუფი მიუნხენშია დაფუძნებული.

არავინ კლუბზე მაღლა

ჰანსი ფლიკის წასვლა არცთუ ისე კარგ გადაწყვეტილებად გამოიყურებოდა, თუმცა ბაიერნს სხვანაირად არ შეეძლო - თავის პრინციპებს ვერ უღალატებდა. კლუბი ფეხბურთელთან და მწვრთნელთან კონფლიქტში ყოველთვის მართალია - ასეა სჯერათ ბაიერნში. სალიჰამიჯიჩის და ფლიკის კონფლიქტში ბაიერნის მენეჯმენტი მწვრთნელის მხარეს ვერ დაიჭერდა და მას სატრანსფერო კამპანიაზე კონტროლს ვერ მიანიჭებდა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ფლიკი აშკარად უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე სალიჰამიჯიჩი სპორტული დირექტორი. უბრალოდ, აქ საქმე იმაში არ არის, ვინ კარგია და ვინ - ცუდი. მთავარი პრინციპებია.

თავად ფლიკს იულიან ნაგელსმანი შეცვლის - თავადაც ბაიერნელი და ბავშვობიდან ამ კლუბის გულშემატკივარი. ბაიერნმა ტრადიციას ამჯერადაც არ უღალატა!

იულიან ნაგელსმანი თავადაც ბაიერნელია - აუგსბურგის მახლობლად დაიბადა

ის, რომ კლუბი უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი ან მწვრთნელი, ბაიერნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა და კლუბის ფინანსური მდგომარეობაც ამ ფაქტორით არის განპირობებული. იმ ფონზე, როცა ევროპულ ფეხბურთში მხოლოდ კოვიდით გამოწვეული კრიზისის ფონზე ალაპარაკდნენ სახელფასო ლიმიტებზე, ბაიერნს უკვე ბევრი წელია, თავისი შიდა სახელფასო ლიმიტი აქვს. ბაიერნი 30 მილიონს, მაგალითად, კრიშტიანო რონალდოს არასოდეს გადაუხდის. რადგან ეს ავტომატურად გამოიწვევს სხვა მოთამაშეების კონტრაქტების გაძვირებასაც. სწორედ ამიტომ საუბრობდა რუმენიგე გასავალის შემცირებაზე. რაც არ უნდა გაიზარდოს ევროპული კლუბების შემოსავალი, თუ მათ გასავალი არ აკონტროლეს და ხელფასებზე და ტრანსფერებზე იმაზე მეტი თანხა დახარჯეს, რაც აქვთ, ფინანსური პრობლემები გარანტირებულია.

რონალდო და იუვენტუსი ვახსენე. რატომ არის ანდრეა ანიელი სუპერლიგის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი!? რონალდოს ხელფასი გადასახადების ჩათვლით იუვენტუსს წელიწადში 64 მილიონი უჯდება. ეს სხვა მოთამაშეების ხელფასის გაძვირებასაც იწვევს. ამ ფონზე იუვე ორი წელია მერვედფინალში ლიონთან და პორტუსთან ვარდება ისე, რომ დიდ თამაშებამდეც კი ვერ მიდის. იქამდე მეოთხედფინალში აიაქსთან მარცხი იყო. ამას პანდემიის გამო დაცარიელებული ტრიბუნებიც დაემატა. იტალიის ჩემპიონატის სატელევიზიო შემოსავალზე კი პრემიერლიგაზე ოთხჯერ ნაკლებია. ანუ, გასავალი გაიზარდა და შემოსავალიც შემცირდა. სუპერლიგა იუვეს გარანტირებულ დიდ თამაშებს მისცემდა და ეს კი დამატებით შემოსავლებს მოიტანდა. სპორტული პრინციპი ამას ნიშნავს - შეიძლება რონალდოსნაირ ფეხბურთელში წელიწადში 60 მილიონი ჩადო, ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია გქონდეს, თუმცა მერე პორტუსთან გავარდე და დიდ ზარალში წახვიდე. ბაიერნი ასეთი რისკებისგან დაზღვეულია.

სწორედ ამიტომ, მიუნხენელები არასოდეს, არცერთ მოთამაშეს არ უხდიან იმდენს, რომ კლუბის შიდა სახელფასო სტრუქტურა დაარღვიოს. სწორედ ამ მიზეზით წავიდა ტონი კროოსი, თაობის ერთ-ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ამავე მიზეზით მიდის დავიდ ალაბა სეზონის დასრულების შემდეგ. ბაიერნი მათ უბრალოდ არ გადაუხდის იმ ხელფასს, რომელსაც ისინი ითხოვენ და რომელიც კლუბის ფინანსურ და სახელფასო სტრუქტურას დაარღვევს. აქაც თანხებზე კი არა, პრინციპეზეა საქმე.

ალაბას ლევანდოვსკივით და ნოიერივით ხელფასი (თითქმის 20 მილიონი) ვერ ექნება, რადგან მიუნხენში ნაკლები დრო აქვს გატარებული და ბაიერნში ხელფასი ეტაპობრივად იზრდება - 10-დან (ალაბას ამჟამინდელი ხელფასი) 20 მილიონზე უცებ ვერ ახვალ.

ასევე ხდება ტრანსფერების შემთხვევაშიც. ბაიერნის სატრანსფერო კამპანია ყოველთვის ძალიან კარგად ორგანიზებულია და სპონტანური გადაწყვეტილებების ადგილი აქ არ არის. ბაიერნის შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის მომგები შემადგენლობა მიუნხენელებს მხოლოდ 105 მილიონი დაუჯდათ (ნოიერი - 30, კიმიხი - 8, ბოატენგი - 13, დევისი - 19, ალაბა - 0.15, ტიაგო - 22, პერიშიჩი - 6, გნაბრი - 8, ლევანდოვსკი, მიულერი, გორეტცკა - 0).

ლევანდოვსკი ბაიერნმა დორტმუნდიდან უფასოდ გადაიყვანა

ბაიერნი შეგნებულად კონცენტრირდება ძირითად გერმანულ ბაზარზე. პოპულარული მოსაზრების თანახმად, ამით ის ცდილობს, კონკურენტები დაასუსტოს. თუმცა მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბაიერნი, ერთი მხრივ, ტრადიციულად ცდილობს გუნდში ძლიერი იყოს გერმანული ელემენტი, ხოლო, მეორე მხრივ, კლუბში მოჰყავს ის ფეხბურთელები, რომელთაც ენობრივი, კულტურული და მენტალური ინტეგრაციის პრობლემა არ ექნებათ. სწორედ ამიტომ, ბაიერნში არასოდეს არ არის კონფლიქტები და უსიამოვნებები, გუნდი იოლად ინარჩუნებს თავის სახეს და სტილს. ახალ ფეხბურთელებს ინტეგრაციის პრობლემა თითქმის არ აქვთ.

გარდა ამისა, გერმანული ბაზარი უფრო იაფია, განსხვავებით, მაგალითად, ინგლისური ან ესპანური ბაზრისგან. სწორი სატრანსფერო კამპანია გუნდის ხარჯებს ამცირებს. მაგალითად, ბაიერნს არასოდეს მოუვა, რომ კეპას კლასის მეკარე 80 მილიონად იყიდოს და მერე სკამზე ჰყავდეს, რადგან რამდენიმემილიონიანი მისი კონკურენტი უკეთესად გამოიყურება.

სწორედ ამიტომ, გასავალის (ხელფასების და ტრანსფერების) კონტროლი ბაიერნის ყველაზე მთავარი მიღწევაა. ბაიერნმა ცარიელი ტრიბუნების გამო შემოსავლის 18 პროცენტი დაკარგა, თუმცა, როგორც ფინანსურად, ისე სპორტულად, მაინც წარმატებული კლუბია - პანდემიის პირობებშიც კი.

ეს არის ის გზა, რომლითაც დანარჩენი ევროპული სუპერკლუბები უნდა წავიდნენ. სხვაგვარად კრიზისი მხოლოდ დროის ამბავია.

კომენტარები

ბოლო ამბები