Thumbnail

7-მატჩიანი პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე დაბრუნდა და საკრამენტოსთან მატჩში, რომელიც ინდიანამ 93:104 წააგო, მწვრთნელის ასისტენტთან კონფლიქტი მოუვიდა!

უსიამოვნო ამბავი მატჩის მე-3 მეოთხედში მოხდა, როდესაც გოგა ბითაძესა და ინდიანას მთავარი მწვრთნელის ასისტენტ გრეგ ფოსტერს კონფლიქტი მოუვიდათ და ეს უკანასკნელი ქართველ ცენტრს მხოლოდ თანაგუნდელებმა განარიდეს. როგორც ირკვევა, ფოსტერს დაცვაში ქართველი კალათბურთელის ქმედება არ მოეწონა და მას პრეტენზიული შეძახილებით მიმართა, გოგამ კი საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო და მწვრთნელს შეურაცხმყოფელად მიმართა: “sit the f*** down!”.

ფოსტერის განრისხება სწორედ ამას მოჰყვა და როგორც კი თამაში შეჩერდა, მან გოგასკენ გაიწია. ცხადია, ეს კამერებმა დააფიქსირეს და მთელი წუთშესვენება იმას აჩვენებდნენ, ფოსტერი ბითაძესთან ახლოს მისვლას როგორ ცდილობდა და თან ილანძღებოდა. ცხადია, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პეისერსში ყველაფერი კარგად არაა.

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ბითაძის გუნდში არცისე კარგი სიტუაციაა. ამერიკული მედია წერდა, რომ პეისერსის მთავარ მწვრთნელ ნეიტ ბიორკგრენს კალათბურთელებთან და პერსონალთან ურთიერთობა აერია, რის გამოც დიდი შანსია, მალე გაუშვან. საკრამენტოსთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის წაგებამ ეს პროცესი შეიძლება დააჩქაროს.


ქართველმა ცენტრმა საკრამენტოსთან 20 წუთი ითამაშა და ამ დროში 5 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გოგას დაცვაში 5, შეტევაში კი 1 მოხსნა ჰქონდა. მან ოთხიდან ორი სროლა ჩააგდო - ერთი სამქულიანი (2 მცდელობიდან) და ერთიც ორქულიანი, საჯარიმო კი არ უსვრია. ბითაძეს 2 დაფარებაც ჰქონდა და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. მისი +/- კოეფიციენტი -2 გახლდათ.

პეისერსისთვის განსაკუთრებული პრობლემა იყო 22 წლის მარვინ ბაგლი, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და საკრამენტო პირველივე ტაიმში დააყენა გამარჯვების გზაზე - 31-დან 24 ქულა მან სწორედ პირველ ნახევარში ჩააგდო. ბაგლის 12 მოხსნაც ჰქონდა. კინგსიდან შესანიშნავი იყო დელონ რაიტიც - 23 ქულა, 6 ასისტი, 6 ჩაჭრა. ინდიანადან ყველაზე მეტი ქულა, მოლოდინისამებრ, დომანტას საბონისმა დააგროვა - მის აქტივში 17 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასია. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები