Thumbnail

'მეტის გატანა და ადრე დამშვიდება შეგვეძლო' - ტუხელი რეალთან მოგებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ½-ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც ლონდონის ჩელსიმ შინ მადრიდის რეალი დაამარცხა (2:0) და ფინალში გავიდა, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა თამაში შეაფასა.

სტუმრად მადრიდში ფრედ დასრულებული პირველი დაპირისპირების შემდეგ, ჩელსიმ “სტემფორდ ბრიჯზე” ტიმო ვერნერისა და მეისონ მაუნთის გოლებით გაიმარჯვა და ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 29 მაისს სტამბოლში ჩატარდება, მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.

თომას ტუხელი (ჩელსის მწვრთნელი): "გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველი ტაიმი რთული გამოვიდა. რეალი მეტად ფლობდა ბურთს და პრობლემებს გვიქმნიდა, მაგრამ კართან ჩვენი ყოველი მიახლოება სახიფათო იყო.

მატჩი ფანტასტიკური გამოვიდა. შეგვეძლო მეტის გატანა და უფრო ადრე დამშვიდება, მაგრამ ახლა კრიტიკის დრო არაა. ეს ფანტასტიკური მიღწევაა! ჩემი მილოცვა გუნდს!

ფეხბურთში შეიძლება გოლი ნებისმიერ მომენტში გაუშვა. რეალი ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია. მათ გოლის შექმნა არაფრისგან შეუძლიათ, ასე რომ, შენ ბეწვის ხიდზე გიწევს გავლა. მაგრამ მაინც ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ - ვცდილობდით, არ ჩამოვუშვით ხელები,  გაცუდებული მომენტების მიუხედავად, შევინარჩუნეთ კონცენტრაცია და პოზიტიური განწყობა".

📺 ჩელსი V რეალი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები