Thumbnail

ბოლო სამ სეზონში მეორედ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისევ ინგლისური იქნება. ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ დაპირისპირებაში, რომელიც 29 მაისს, სტამბოლში ჩატარდება, მანჩესტერ სიტი და ლონდონის ჩელსი იბრძოლებენ. ამ უკანასკნელმა საგზური ტურნირის 1/2-ფინალში რეალის დამარცხებით მოიპოვა.

შინ ფრედ (1:1) დასრულებული პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანის გუნდს, რომელსაც კაპიტანი სერხიო რამოსი დაუბრუნდა, "სტემფორდ ბრიჯზე" სულ ცოტა გოლის გატანა მართებდა. თუმცა, თომას ტუხელმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან მაღალი პრესინგი დაუპირისპირა და თამაშიც დიდწილად რეალის ნახევარზე წარიმართა. 

ედენ აზარი თავის ყოფილი წინააღმდეგ სასტარტოში იყო

მე-18 წუთისთვის მადრიდელთა დაცვა ჩავარდა, რის შემდეგაც ბელ ჩილველმა ტიმო ვერნერს გაატანინა, თუმცა გერმანელმა ეს თამაშგარე მდგომარეობიდან გააკეთა და შესაბამისად, გოლი არ ჩაითვალა, თუმცა ეს ეპიზოდი გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა ყოფილიყო ზიდანისთვის...

27-ე წუთისთვის ჩელსის კართან ძალიან სახიფათო მომენტი ქარიმ ბენზემამ შექმნა, რომლის მოულოდნელი დარტყმული ედუარდ მენდიმ ბრწყინვალე რეაქციის წყალობით მოიგერია. 

ტიმო ვერნერმა რეალს მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა

ერთ წუთში უკვე საპირისპირო მხარეს, ნგოლო კანტეს განვითარებული იერიში რეალის კარში გატანილი გოლით დასრულდა. ეპიზოდის დასკვნით მონაკვეთში კაი ჰავერცი ცდილობდა ტიბო კურტუასთვის ბურთის თავზე გადაგდებას, მაგრამ ხარიხას მოარტყა, დამატებაზე კი უკვე ჩელსის მეორე გერმანელმა, ტიმო ვერნერმა იყოჩაღა და გაიტანა კიდეც - 1:0.  

შესვენებამდე რეალის დასამახსოვრებელი მომენტი ისევ ბენზემამ შექმნა. მასპინძელთა საჯარიმოში მყოფ ფრანგ ფორვარდს ბურთი თავზე ლუკა მოდრიჩმა დაასვა, მაგრამ მენდიმ კვლავ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და კარი გადაარჩინა.

ედუარდ მენდიმ ბენზემას არც ფეხით გაატანინა და არც თავით

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, შესვენების შემდეგ ჩელსი უფრო აქტიური იყო და მომენტებსაც ის ქმნიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში რეალის კარი ჯერ ხარიხამ იხსნა, როდესაც კაი ჰავერცმა საჰაერო დუელი ედერ მილიტაოს მოუგო და თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა. შემდეგ მადრიდელთა დაცვის ცენტრი ჩავარდა და უკვე მეისონ მაუნთი დარჩა კურტუას პირისპირ, მაგრამ ლონდონელმა ბურთი კარს გადააცილა.

იყო კიდევ ჰავერცის და კანტეს გამოუყენებელი ძალიან კარგი მომენტები, რეალი კი, რომელსაც პირველ რიგში მართებდა გატანა, თომას ტუხელის გუნდს აბსოლუტურად ვერაფერს სთავაზობდა.

ლონდონელებმა კურტუას კარში მეორე გოლის გატანა მატჩის მიწურულს მაინც მოახერხეს. ბურთი კანტემ ჩაჭრა და დროულად გადააწოდა კრისტიან პულიშიჩს. კურტუას პირისპირ გასულმა ამერიკელმა თითქოს დაახანა, მაგრამ უკეთეს პოზიციაში მყოფ მეისონ მაუნთისთვის საგოლე პასის გაკეთება მოახერხა - 2:0. ჩელსი ფინალში დამსახურებულად გავიდა.

თომას ტუხელმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გაიყვანა 

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გაუძღვება თავის გუნდს თომას ტუხელი. შარშან გერმანელმა სპეციალისტმა პარი სენ-ჟერმენს ტიტული ვერ მოაგებინა, წელს კი ამის გაკეთებას ჩელსისთან ერთად შეეცდება. ტუხელი პირველი სპეციალისტია ლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორჯერ ფინალში ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად გააღწია. 

📺 ჩელსი V რეალი [მიმოხილვა]

ჩელსი 2:0 (1:1) რეალი 

გოლები: 1:0 ვერნერი (28’), 2:0 მაუნთი (85')
ჩელსი (3-4-3): მენდი - კრისტენსენი, სილვა, რიუდიგერი - ასპილიკუეტა (88' ჯეიმსი), კანტე, ჟორჟინიო, ჩილველი - ჰავერცი (90' ჟირუ), ვერნერი (67' პულიშიჩი), მაუნთი (88' ზიეხი).
რეალი (4-3-3): კურტუა - ნაჩო, მილიტაო, რამოსი, მენდი (63' ვალვერდე) - კროოსი, კაზემირო (76' როდრიგო), მოდრიჩი - ვინისიუსი (63' ასენსიო), ბენზემა, აზარი (89' დიასი).

კომენტარები

ბოლო ამბები