Thumbnail

21 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელმაც ტრავმის გამო NBA-ში ბოლო 7 მატჩი გამოტოვა, შესაძლოა, მოედანს ხვალ დილით საკრამენტო კინგსთან თამაშში დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ კოჭი 20 აპრილს სან ანტონიოს სპერსთან შეხვედრაში იტკინა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზული არ სჩანდა, გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან გაიწელა. როგორც სჩანს, ახლა, გოგა გაცილებით უკეთაა, რაზეც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორკგრენმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ამაზე ინდიანელთა ოფიციალური ვებ-გვერდი წერს:

“პეისერსის ფანებმა კარგი ამბავი გაიგეს, რომელიც გოგა ბითაძეს ეხება. როგორც ბიოკგრენმა განაცხადა, ქართველმა ცენტრმა უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა, ერთი ერთზე წვრთნაშიც მიიღო მონაწილეობა და სროლებიც განახორციელა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ბითაძის დაბრუნება შორს ნამდვილად აღარაა”.

საკრამენტოსთან მატჩი ტრავმების გამო კვლავაც ვერ ითამაშებენ ტი ჯეი უორენი და მაილს ტერნერი, სამაგიეროდ, ვარაუდობენ, რომ გოგას გარდა, შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდნენ მალკოლმ ბროგდონი, ჯერემი ლემბი და ედმონდ სამნერი.

ამ დროისთვის, პეისერსს 30 მოგება და 34 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. ბითაძის გუნდი საუკეთესო ექვსეულში ვეღარ მოხვდება, თუმცა, წესით არც მოწინავე 10 გუნდს მიღმა უნდა დარჩეს, ეს კი, ე.წ. “პლეი ინში” თამაშის გარანტიაა. ქართველ ლეგიონერს მიმდინარე სეზონში 37 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 11.3 წუთი, 5.1 ქულა, 3.2 მოხსნა, 1.2 დაფარება.

კომენტარები

ბოლო ამბები