Thumbnail

'ლოგიკური იქნება, თუ მოიცდის' - სერია A-ს სკაუტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სერია A-ს სკაუტმა რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზე ისაუბრა
  • ალეკს ველიკიხის თქმით, იტალიაში ყველაზე მეტად ხვიჩათი ინტერესდებიან

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველზე ხვიჩა კვარაცხელიას მსურველ ევროპულ კლუბებზე ლამის ყოველდღე იწერება. გავრცელებული ხმებით, 20 წლის ქართველი ტალანტით ინტერესდებიან სერია A-ს, ბუნდესლიგის, ლა ლიგისა და პრემიერლიგის კლუბები და დიდი ალბათობით, ზაფხულში კვარაცხელია რუსეთს დატოვებს.

ხვიჩას მომავალზე თავისი მოსაზრება სერია A-ს სკაუტმა ალეკს ველიკიხმა გამოთქვა, რომელიც უკრაინისა და რუსეთის მიმართულებით მუშაობს. ველიკიხის თქმით, იტალიაში რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების მიმართ ინტერესი მეტნაკლებად არსებობს და ეს უპირველესად ხვიჩა კვარაცხელიაზე ითქმის.

ბოლო დროს ხვიჩა რუბინს ტრავმის გამო ვერ ეხმარება

"ფეხბურთელის პროფილისადმი ინტერესის მხრივ ლიდერი უდაოდ ხვიჩა კვარაცხელიაა. მასთან დაკავშირებით ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, იქნება თუ არა მისით დაინტერესებული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე. მეორე მხრივ, თუკი რუბინი ევროთასებზე გავა, ლოგიკური იქნება, თუ ხვიჩა კიდევ ერთი სეზონი მოიცდის. ევროთასებზე გამოსვლა მას საშუალებას მისცემს, მომავალში გაყიდვაზე დიალოგი გაცილებით ძლიერი პოზიციიდან წარმართოს", - ამბობს ველიკიხი matchtv-სთან.

მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით, რომელსაც რუბინი 30 მილიონ ევროდ აფასებს, იუვენტუსი, მილანი, ბაიერნი, დორტმუნდი, გლადბახი, სევილია და ლიდსი ინტერესდებიან.

20 წლის ქართველის მსურველ კლუბებს შორის იუვენტუსსაც ასახელებენ

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 23 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასავე 8 საგოლე პასია (მოპოვებული პენალტების ჩათვლით).

კომენტარები

ბოლო ამბები