Thumbnail

ძიუდო | ჩხვიმიანი ფინალშია, ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება
  • ქართველ ძიუდოისტებს 2 მედლის აღების შანსი აქვთ

რუსეთის ქალაქ ყაზანში სტარტი მორიგმა გრანდ სლემმა და ქართველ ძიუდოისტებს პირველივე დღეს 2 მედლის აღების შანსი აქვთ. დილის სესიის შედეგებით, 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 28 წლის ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) ოქროს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს, 22 წლის ბაგრატ ნინიაშვილს (66 კგ.) კი ბრინჯაოს აღებას ეცდება.

ჩხვიმიანმა საწყის რაუნდში კამერუნელ ბერნადინ ცალა ცალას ძალების დაზოგვით ვაზარით სძლია, პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპესს იპონით აჯობა, ჩეხ დავიდ პულკრაბეკს კი ვაზარით მოუგო. ლუხუმს ყველაზე რთული ორთაბრძოლა ნახევარფინალში გადახდა, სადაც ის და რუსი რამაზან აბდულაევი დამატებით დროში 2-2 შიდოთი გადავიდნენ, იქ კი, ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარი განახორციელა. ფინალში ჩხვიმიანის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იქნება, რომელმაც გზიდან ტაჯიკი აბუმუსლინ კაუმზოდა, უზბეკი დიშოდბეკ ბარატოვი, გერმანელი მორიც პლაფკი და ყაზახი დაურენ სიუკენოვი ჩამოიცილა.

ნინიაშვილმა სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩთან საკმაო მძიმე ბრძოლა გადაიტანა. ქართველი ძიუდოისტი მეტოქეს 2 შიდოთი ჩამორჩა, თუმცა, წონასწორობა აღადგინა, “გოლდენ სქორში” კი სერბი ვაზარიზე დასცა. გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა ბაგრატი მე-2 რაუნდში, სადაც მოლდოველი დენის ვიერუს (2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, 2019 წლის პარიზისა და ბაქოს გრანდ სლემების ჩემპიონი) სახით საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ბაგრატმა ვიერის 02:21 წუთის თავზე ულამაზესი იპონით აჯობა. ქართველმა ძიუდოისტმა საუდის არაბეთის წარმომადგენელ აბდულაზიზ ალბაშის იპონით მალევე მოუგო, მეოთხედფინალში კი რუს არამ გრიგორიანს იმის წყალობით სძლია, რომ მეტოქემ 3 შიდო მიიღო. ნახევარფინალში ნინიაშვილი რუს მურად ჩოპანავას გაეჯიბრა, ვაზარიზე 2-ჯერ დაეცა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ იესეტ კუანოვს დაუპირისპირდება.


წარუმატებლობა შეემთხვა ტატიანა ლევიცკა-შუკვანს (52 კგ.), რომელიც საწყის ორთაბრძოლაში შვეიცარიელ ფაბიენ კოხერს ვაზარით უგებდა, თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე მე-3 შიდო მიიღო (ბოლო 12 წამში 2-ჯერ გააფრთხილეს) და ტატამი დამარცხებულმა დატოვა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “სილქ უნივერსალი” გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ყაზანის გრანდ სლემის დანარჩენ დღეებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე (ორივე – 73 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ.), იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.) დაიცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები