Thumbnail

'კოჭლებთან თამაშობ' - პიკეს ირონიული რეაქცია ვიდალის ჩემპიონობაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არტურო ვიდალი 15 წელიწადში 12-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი
  • ჟერარდ პიკე ჩილელ ნახევარმცველს ირონიულად გამოეხმაურა

მილანის ინტერმა სკუდეტო 11-წლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიში მე-19-ედ მოიგო. იტალიის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა არტურო ვიდალიც, რომელსაც ბოლო 15 წელიწადში სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონის 12 ტიტული დაუგროვდა.

ჩილეში 2006 (საგაზაფხულო და საშემოდგომო სეზონების) და 2007 წელს იყო ჩემპიონი, იტალიაში იუვენტუსთან ერთად (2012, 2013, 2014, 2015), გერმანიაში ბაიერნის რიგებში (2016, 2017, 2018), ესპანეთში ბარსელონასთან ერთად 2019 წელს და ახლა ისევ იტალიის ჩემპონის ტიტული მოიპოვა, ოღონდ ინტერში. ამასთან დაკავშირებით ვიდალმა ინსტაგრამზე პოსტი განათავსა:

"ბევრი წელი, ბევრი თანაგუნდელი, დიდი კლუბები და უამრავი გულშემატკივარი - ყველას მადლობელი ვარ, ვინც ჩემს გვერდით იყო. ვიცი, რომ ჯერ კიდევ გრძელი ამბავია მოსაყოლი და მეც მეტი მინდა", - დაწერა ვიდალმა.

ჩილელი ნახევარმცველის ამ პოსტს მისი ყოფილი თანაგუნდელი ჟერარდ პიკე ირონიულად გამოეხმაურა და მას კომენტარი დაუწერა: "თუ კოჭლების წინააღმდეგ თამაშობ... ჩემპიონთა ლიგა როდის იქნება?" - დაწერა ესპანელმა. პიკეს ვიდალმა ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით პასუხიც გასცა: "შემდეგი ჩემი იქნება".

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი და პიკე ბარსელონაში 2018-2020 წლებში თანაგუნდელები იყვნენ. ჩილელი ინტერს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და სერია A-ს 23 მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა, ყოფილი კლუბის, იუვენტუსის კარში.

კომენტარები

ბოლო ამბები