Thumbnail
  • ლეონარდო ბონუჩის იუვენტუსის თამაში არ მოსწონს
  • მისი კრიტიკა თანაგუნდელებს ალბათ არ მოეწონებათ

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. ინტერი ჩემპიონია, იუვენტუსს კი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი არ აქვს განაღდებული. სწორედ ამიტომ, ტურინელთა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მილანთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, რომელიც 9 მაისს გაიმართება, განგაში ატეხა და თანაგუნდელები მკაცრად გააკრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ იუვემ გასულ ტურში უდინეზესთან გამარჯვება მოიპოვა (2:1), 33 წლის მცველი ამბობს, რომ გუნდის თამაში საერთოდ აღარ მოსწონს. ბონუჩის თქმით, იუვენტუსმა უდინეზესთან მონდომება და კონცენტრაცია მხოლოდ მატჩის ბოლო 10 წუთში გამოავლინა. როგორც იცით, ტურინელები უდინეში მე-10 წუთიდან აგებდნენ და თამაშის შეტრუალება მხოლოდ ბოლო 10 წუთში, კრიშტიანო რონალდოს დუბლით მოახერხეს.

Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში ბონუჩიმ განაცხადა, რომ გული კარგს არაფერს უგრძნობს: „თუ ამ 10 წუთით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაშინ გამოდის, რომ საერთოდ ვერაფერი გავიგეთ და არაფერი ვისწავლეთ. აბსოლუტურად არაფერი!“

იუვეს გამოცდილი მცველის აზრით, გუნდი მთელი თამაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ეს ცუდის ნიშანია: „ნებისმიერ შეხვედრაში ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული. მატჩის ბედს სწორედ ასეთი დეტალები წყვეტს. ამის გამო უკვე ბევრჯერ დავკარგეთ ქულები.“

ბონუჩის აზრით, იუვემ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს

ტურინულმა გრანდმა ზედიზედ 9 ჩემპიონობის შემდეგ „სკუდეტო“ დაკარგა და ეს ბონუჩისთვის დიდი ერის დასრულებას ნიშნავს: „კლუბის ისტორიაში ახალი თავი უნდა დაიწყოს. ისევ უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავებში მოტივაცია. 9-წლიანი დომინაცია ეპიკური მოვლენა იყო ამას ვეღარავინ წაგვართმევს, მაგრამ ახლა ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები. ასეთ რამეს ალბათ ვეღარავინ გაიმეორებს.“

34 ტურის შემდეგ იუვენტუსს 69 ქულა აქვს და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. ანდრეა პირლოს გუნდი მე-3 ადგილზეა, მაგრამ მე-5 ადგილზე მყოფ ნაპოლის მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, მეოთხეზე კი მილანია ასევე 69 ქულით. საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს რომის ლაციოსაც, რომელიც 64 ქულით მე-6 პოზიციაზეა. იუვე მილანს კვირას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები