Thumbnail
  • ლენოვო ტენერიფეს ცენტრს ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში უსიამოვნო ამბავი გადახდა
  • რუსეთმა ქართველი კალათბურთელს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა 

საქართველოს ნაკრებისა და ლენოვო ტენერიფეს ცენტრს გიორგი შერმადინს რუსეთში შესვლის უფლება არ მისცეს და კალათბურთელს ღამის გათენება ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში, პატარა დივანზე მოუხდა. 

შერმადინის გუნდმა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის "რვათა ფინალში" უნდა ითამაშოს, რომელსაც სწორედ ნიჟნი ნოვგოროდი, 5-9 მაისს უმასპინძლებს. ესპანური გუნდი რუსეთში ჩაფრინდა, მაგრამ საქართველო-რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემების გამო, გიორგი შერმადინს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. 

ქართველი კალათბურთელი ვერ წამოიდგენდა, თუ ღამის გათენება აეროპორტში მოუწევდა

ამ ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შერმადინის თანაგუნდელი, ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი:

"დაუშვებელია, რომ ჩვენი საუკეთესო მოთამაშე ჯერ კიდევ აეროპორტში იმყოფება იმის გამო, რომ წუხელ მას უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე. ის ჯერ კიდევ იქ არის და პრობლემის გადასაჭრელად არაფერი კეთდება! ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირის დაწყების წინ მას დაძინება ამაზე (დივანზე) მოუხდა! იმედია, ყველაფერი მალე მოგვარდება!".

ესპანური მედიის ინფორმაციით, "კლუბი და ფიბა ცდილობენ, უმაღლეს დონეზე მოაგვარონ სპორტისთვის უცნაური ეს ვითარება".

შერმადინის სტატისტიკა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 17.8 ქულა, 5.8 მოხსნა და 2.6 პასია

ლენოვო ტენერიფე ფიბას ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თავისი ჯგუფი მოიგო და "რვათა ფინალში" თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც გამოსვლას 6 მაისს, ფრანგულ სტრასბურთან შეხვედრით დაიწყებს. წარმატების შემთხვევაში ტენერიფე ½-ფინალში გავა. ტურნირის ფინალი, რომლის საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია, 9 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები