Thumbnail

სტეფ კარის გოლდენ სტეიტს ე.წ. ფლეი ინ-სთვის, ანუ საპლეიოფო გადათამაშებისთვის ბრძოლაში ორი გადამწყვეტი შეხვედრა აქვს უშუალო კონკურენტის, ნიუ ორლეანს პელიკანსის წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა 'უორიორსმა' სწორედ კარის წყალობით მოიგო. 

გოლდენ სტეიტმა ძალიან აგრესიულად დაიწყო და პირველივე მეოთხედში 39 ქულა ჩააგდო, მეოთხედი 18 ქულით მოიგო და მთელი თამაში მატჩზე კონტროლი აღარ დაუკარგავს. კარის პირველივე მეოთხედში 17 ქულა ჰქონდა. საერთო ჯამში სტეფმა 41 ქულა ჩააგდო, 18-დან 8 სამქულიანი გამოიყენა და მატჩი +19-ით დაასრულა. სტეფის ფენომენალური თამაში გრძელდება და სწორედ ის არის მთავარი მიზეზი, რომ გოლდენ სტეიტს პლეი ოფისთვის ბრძოლა შეუძლია.

19-დან 10 სროლა გამოიყენა და 26 ქულა ჩააგდო ენდრიუ უიგინსმა, ხოლო დრეიმონდ გრინმა მორიგი, უკვე რუტინული სამმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა, 13 მოხსნა და ფენომენალური 15 შედეგიანი გადაცემა. გრინი კვლავ აგრძელებს გოლდენ სტეიტის ფაქტობრივი გამთამაშებლის როლის მორგებას.

ნიუ ორლეანიდან საუკეთესო ზაიონ უილიამსონი გახლდათ. პელიკანსს ახალგაზრდული და ამბიციური გუნდი ჰყავს, თუმცა იქ შეკრებილი რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ვარსკვლავის ფონზეც კი ზაიონი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. გოლდენ სტეიტი მას სამწამიანში საერთოდ ვერ აჩერებდა. მატჩი ზაიონმა 24-დან 12 ჩაგდებული ბურთით და 32 ქულით დაასრულა. ამასთან ერთად ის მუდამ ახერხებდა ჯარიმების მოპოვებას და 11 საჯარიმო შეასრულა. ზაიონი ერთადერთი იყო თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, რომელსაც მხოლოდ -1 ჰქონდა.

თამაში არ წაუვიდათ ნიუ ორლეანის სხვა, ახალგაზრდა ლიდერებს. მაგალითად, ბრენდონ ინგრემმა 11-დან 5 სროლა ჩააგდო, 19 ქულა დააგროვა, თუმცა -19 ჰქონდა. კატასტროფული იყო ლონზო ბოლი, რომელმაც 18-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენა და 7 ქულას დასჯერდა.

ნიუ ორლეანი ვერაფრით ახერხებდა სამქულიანების ჩაგდებას და გადამწყვეტი ეს კომპონენტი აღმოჩნდა. პელიკანსმა 25-დან მხოლოდ 5 სამიანი ჩააგდო, მაშინ, როცა გოლდენ სტეიტმა 17 ზუსტი სამიანი შეასრულა.

ამ გუნდებს დღეს საღამოს მეორე თამაში უწევთ ერთმანეთთან. გოლდენ სტეიტი თითქმის გარანტირებულად გადათამაშებაში მოხვდება, ნიუ ორლეანსს კი თუნდაც თეორიული შანსების შენარჩუნებისთვის აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროება.

კომენტარები

ბოლო ამბები