Thumbnail

ევროპალიგის ფინალს ფანები დაესწრებიან - უეფამ ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უეფამ 2020/21 წლების ევროპალიგის ფინალურ მატჩზე ბილეთების გაყიდვის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირისი გადამწყვეტი შეხვედრა 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში უნდა ჩატარდეს.

"პოლონეთის ხელისუფლებამ უეფას დაუდასტურა, რომ სტადონის შევსება სრული ტევადობის 25%-ით შესაძლებელი იქნება, რაც 9500 მაყურებელს შეადგენს. ფინალში გასული ორი კლუბი 2-2 ათას ბილეთს მიიღებს. კიდევ 2000 ბილეთი ფართო საზოგადოებისთვის უეფას საიტზე გაიყიდება, დარჩენილი ბილეთები კი ადგილობრივ ორგკომიტეტზე, უეფასა და ნაციონალურ ასოციაციებზე, კომერციული პარტნიორებსა და მაუწყებლებზე განაწილდება", - ნათქვამია განცხადებაში.

უეფას საიტზე ბილეთები, რომელთა ფასი 40-იდან 130 ევრომდეა, 7 მაისამდე გაიყიდება. ერთ პირს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ სეზონში ევროპალიგის წინა მატჩებს გულშემატკივრები ვერ ესწრებოდნენ. ტურნირის ფინალში ერთმანეთს არსენალი-ვილიარეალისა და მანჩესტერ იუნაიტედი-რომას წყვილებში გამარჯვებულები შეხვდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები