Thumbnail

'საქართველოს ნაკრებში თამაშს დაუფიქრებლად დავთანხმდები' - მერაბ ურიდიას დუბლი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მერაბ ურიდიას დუბლი და გოლი მოედნის ცენტრიდან რუსეთში
  • 28 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში 16 გოლი აქვს გატანილი
  • მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს და ხვიჩაზე ილაპარაკა

რუსეთის პირველ ლიგაში ნეფტეხიმიკის ღირსებას ქართველი ფეხბურთელი მერაბ ურიდია იცავს, რომელიც გუნდის ლიდერია და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში უკვე 16 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის, ბოლო ორი გოლი მან ველესს გაუტანა, რომლის წინააღმდეგ საწყის 12 წუთში დუბლით თავის გუნდს 2:0 მოაგებინა.

მეორე გოლი ნამდვილი შედევრი იყო - მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი და მეტოქის კარში ზუსტად გადაგზავნა. როორც ნეფტეხიმიკის ვებგვერდმა უწოდა, კოსმიური გოლი გახლდათ! რუსულმა გამოცემა sportbox-მა კი მას ტურის პერსონის სტატუსიც მიანიჭა.

📺 მერაბ ურიდიას დუბლი

ურიდია დიდი ხანია, ნეფტეხიმიკში თამაშობს, 2017 წლიდან და მანამდეც, 2012-2014 წლებში ამ გუნდში ირჯებოდა. ზოგადად, ნეფტეხიმიკი ყაზანის რუბინთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევა და მერაბიც ამ გზით მოხვდა დღევანდელ კლუბში. ის კარიერის საწყის ეტაპზე ყაზანის რუბინში ირიცხებოდა და მთავარ გუნდში ყურბან ბერდიევის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. თუმცა, რუბინში ფეხი ვერ მოიკიდა და ნეფტეხიმიკის გარდა, ვოლგაში, მოსკოვის ტორპედოსა და ქობულეთის შუქურაში უთამაშია.

28 წლის შემტევი საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე არასდროს გასულა. ურიდიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში არ დამალა, რომ საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ითამაშებდა და მისი მიზანიც ეს არის.

"ნაკრების თამაშებს მუდმივად ვუყურებ და ვღელავ. ესპანეთთან ვიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ წავაგეთ. იმედი მაქვს, რომ ეს თაობა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას შეძლებს. მე თვითონ ზაფხულში საქართველოში დასვენებას ვგეგმავ თუ კორონავირუსის პანდემია არ გაუარესდება. რუბინის ახალგაზრდულ გუნდში თამაშისას მქონდა საქართველოს ნაკრებში თამაშზე შეთავაზება, დიდხანს ვიფიქრე და ბოლოს უარი ვთქვი, რადგან რუსულ ფეხბურთში 19 წლის ასაკში ლეგიონერი გავხდებოდი. ახლა, ამაზე არც ვიფიქრებ და სიამოვნებით ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში. კარგი გაგებით, მშურს ბიჭების, რომლებიც თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ და ტოპგუნდების წინააღმდეგ თამაშობენ. მინდა, ეროვნული ნაკრების გამოცდილება მივიღო. მჯერა, რომ შემიძლია საქართველოს ნაკრებსა და რუსეთის პრემიერლიგაში მოხვედრა", - თქვა ურიდიამ.

ურიდია და რომან იერემენკო რუბინში ვარჯიშზე

ამავე ინტერვიუში მერაბმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. მისი აზრით, "კვარა" დრიბლინგების სტილით არც მეტი, არც ნაკლები ლიონელ მესის ჰგავს და მიიჩნევს, რომ მას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მილანი შეეფერება:

"ხვიჩასთან და ზურიკოსთან ურთიერთობა არ მაქვს, ეს სხვა თაობაა. რუბინში მხოლოდ დენის მაკაროვთან მაქვს კონტაქტი. კვარაცხელია ამ დროისთვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია, ისტორიულად კი ჯერ კიდევ შორს არის გიორგი ქინქლაძისგან, რომელმაც მანჩესტერ სიტიში თამაშისას პრემიერლიგა დაანგრია, თუმცა ამ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აქვს. თუ ძლიერ ჩემპიონატში წავა და იქ მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშებს, მაშინ მათი შედარება შეიძლება. ვფიქრობ, მილანი შეეფერება, როგორც სათამაშო კომპონენტების, ისე ისტორიის გამო. ჩემი აზრით, კალაძეს შეუძლია მილანის მენეჯმენტში მეგობრებს მის შესახებ უამრავი კარგი რამ მოუყვეს. რით არის განსაკუთრებით ძლიერი? მისი დრიბლინგები ბურთის მუდმივ ფლობას ემყარება, ძალიან რთულია ამის მაღალ დონეზე შესრულება. დრიბლინგის სტილით მესის ჰგავს", - აღნიშნა მან.

მერაბს მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი

აქვე გეტყვით, რომ ნეფტეხიმიკი რუსეთის პირველ ლიგაში 67 ქულით მე-7 ადგილზეა. გუნდს კირილ ნოვიკოვი წვრთნის, რომელიც მანამდე მოსკოვის დინამოში მუშაობდა და თბილისის ლოკომოტივთან წაგების შემდეგ დაითხოვეს. ნეფტეხიმიკმა ნოვიკოვის ხელმძღვანელობთ 14 მატჩში ერთადერთი მარცხი განიცადა.

რუსეთის პირველი ლიგის მე-40 ტურში ურიდიას გარდა გოლი კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა - ნიჟნი ნოვგოროდის 21 წლის შემტევმა ბექა ქავთარაძემ, რომელმაც მე-9 შეხვედრაში თავი მესამედ გამოიჩინა და მისი გუნდი პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები