Thumbnail

ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდა - ნიკოლოზმა 4 მეტოქეს გადაასწრო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართული ტურნირის მოგება დაუფასდა. ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 4 ადგილით დაწინაურდა და ახლა, 1 850 ქულით მსოფლიოს 31-ე ჩოგანია.

აღსანიშნავია, რომ კლასიფიკაციის მოწინავე 35 ჩოგბურთელს შორის ასეთი წინსვლა არავის ჰქონია. ბასილაშვილმა BMW Open-ზე 250 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში ფრანგები უგო უმბერი, ადრიან მანარინო, ბენუა პერი და იტალიელი ლორენცო სონეგო ჩამოიტოვა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი ისე მოიგო, რომ სეტიც არ დაუთმია, ფინალში კი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 6:4, 7:6 (7:5) სძლია. ნიკოლოზი უკვე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმყოფება, სადაც ხვალ ხსენებულ პერს ეთამაშება და თუკი იმარჯვა, სავარაუდოდ, რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით დაწინაურდება.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში ფრანგი ჩოგბურთელი ქართველს 3:1-ს უგებს. ნიკამ ბენუას სულ ბოლო მატჩში აჯობა მისთვის ტრიუმფალური 2019 წლის შანხაის ტურნირის მიმდინარეობისას – 6:4, 1:6, 6:1. მანამდე, პერის უპირატესობა აშკარა იყო: 5:7, 6:2, 6:4 – 2015 წელს, მეცში (საფრანგეთი), 6:7 (5:7), 7:5, 6:3 – 2016 წელს, შენჟენში (ჩინეთი) და 6:1, 7:6 (7:5), 2017 წელს, იმავე მეცში.

კომენტარები

ბოლო ამბები