Thumbnail

წინა კვირაში იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ტურინის იუვენტუსს მომავალი სეზონიდან ისევ მასიმილიანო ალეგრი ჩაიბარებს. ჩვენი იტალიელი კოლეგები იმასაც წერდნენ, რომ ალეგრის კრიშტიანო რონალდო არ სჭირდება და შესაბამისად, მის გაყიდვას და გუნდის პაულო დიბალაზე აწყობას (4-2-3-1 სქემაში არგენტინელის ადგილი ცენტრფორვარდის უკან იქნება) აპირებს.

ამ სპეკულაციების შემდეგ იუვენტუსი უდინეზეს ესტუმრა, მე-10 წუთიდან აგებდა და ტურინული გრანდი სწორედ რონალდომ გადაარჩინა. პორტუგალიელის გვიანმა დუბლმა (პირველი 83-ე წუთზე პენალტით გაიტანა, მეორე - 89-ე წუთზე ურთულესი მდგომარეობიდან) იუვეს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. ტურინელებმა ეს მას შემდეგ მოახერხეს, რაც დიბალა მოედანზე აღარ იყო.


ლოგიკურია, რომ დღეს იტალიური სპორტული მედია რონალდოს აქებს. გაზეთები 36 წლის CR7-ს იუვეს მხსნელად მოიხსენიებენ.

“რონალდომ იუვენტუსი განადგურებას გადაარჩინა. ყველაზე რთულ მომენტში, როცა იუვეს მარცხი უკვე გარდაუვალი ჩანდა, კრიშტიანომ თამაში 2 გოლით შეატრიალა და ანდრეა პირლოს უდიდესი სირცხვილი აარიდა,” - ვკითხულობთ “გაძეტა დელო სპორტში”.

უდინეზესთან გამარჯვების შემდეგ იუვენტუსი სერია A-ს ცხრილში 34 ტურის შემდეგ 69 ქულით მე-3 ადგილზეა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება. მე-4 პოზიციაზე მყოფ მილანსაც 39 ქულა აქვს. მეხუთეზე ნაპოლია 67 ქულით, მეექვსეზე კი - ლაციო (64). მომდევნო ტურში იუვენტუსი სწორედ მილანს ეთამაშება. იმ დროს, როცა მილანის ინტერმა უკვე გაიფორმა იტალიის ჩემპიონობა და იუვენტუსის 9-წლიანი ჰეგემონია დაასრულა, ტურინელთა ერთადერთი საზრუნავი სწორედ ოთხეულში მოხვედრაა.

რონალდოსთვის ეს ამ სეზონში 26-ე და 27-ე გოლები იყო, რითაც პორტუგალიელი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა რეიტინგს ლიდერობს. მეორე ადგილზე ინტერის გოლეადორი რომელუ ლუკაკუა, რომელიც რონალდოს 6 გოლით ჩამორჩება.

რონალდო სერია A-ს ბომბარდირებში 27 გოლით ლიდერობს, მეორე ლუკაკუა 21 გოლით

“კრიშტიანომ იუვენტუსს ჩაძირვის საშუალება არ მისცა და წყალს ზემოთ დატოვა! იუვე, გუნდი, რომელიც კრიზისშია, რონალდოს ძლიერმა და უსაფრთხო ხელმა გადაარჩინა. კრიშტიანომ ტურინელებს ხელი თმაში ჩაავლო და გუნდი დახრჩობისგან ბოლო წამებზე იხსნა,” - წერს “კორიერე დელო სპორტი”.

“ბებერი ქალბატონი შავი ხვრელიდან რონალდომ ამოიყვანა, მხსნელმა, რომელიც გაჭირვების დროს მოწოდების სიმაღლეზე დგას. ამ გამარჯვებით იუვე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დარჩა,” - ვკითხულობთ “ტუტოსპორტში”.

სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. პირლოს ალბათ არავინ დატოვებს და მართლაც ალეგრი დაბრუნდება, რომელიც რონალდოს ტრანსფერზე თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი. სამაგიეროდ, ალეგრის იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გადიოდა - რონალდოს გარეშე. კრიშტიანოსთან ერთად კი იუვე ზედიზედ მეორე სეზონია, მერვედფინალიდან ვარდება...

კომენტარები

ბოლო ამბები