Thumbnail

‘ვინც ეს მოიფიქრა, გასაგდებია!’ - ლებრონ ჯეიმსი ახალ სისტემას უტევს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ტორონტო რეპტორსთან მარცხის (114:121) შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა Play-In-ტურნირის იდეა მკაცრად გააკრიტიკა და ამ სისტემის შემოღების იდეის ავტორის დასჯა მოითხოვა. საქმე ისაა, რომ ზედიზედ მე-3 მარცხის შემდეგ ლეიკერსს დასავლეთ კონფერენციაში სწორედ Play-In-ში თამაშის საფრთხე ემუქრება, რაც ისედაც ძალიან გადატვირთული კალენდრის ფონზე კიდევ დამატებითი მატჩების ჩატარებას ნიშნავს.

“თუ 100-პროცენტიან ფორმაში არ ვარ, მაშინ სულერთია, რომელ ადგილზე გავალთ ცხრილში, - თქვა ლებრონმა ბოლო 7 თამაშში ლეიკერსის მე-6 მარცხის შემდეგ, - სულერთია, მეხუთეები ვიქნებით, მეექვსეები თუ ამ ახალ პლეი ოფში ვითამაშებთ, თუ როგორც ჰქვია... ვისაც არ უნდა მოეფიქრებინა, ამ იდეის ავტორი ახლავე გასაგდებია!”


შეგახსენებთ, რომ ამ ფორმატის მიხედვით, კონფერენციაში მე-7 და მე-8 ადგილებზე გასული გუნდები პოსტსეზონის, ანუ პლეი ოფის საგზურს ავტომატურად ვეღარ იღებენ და ამის ნაცვლად, რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ერთმანეთს ეთამაშებიან. მათ შორის მოგებული პლეი ოფის მე-7 ადგილს მიიღებს, წაგებული კი მე-9 და მე-10 ადგილოსანს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს და პლეი ოფის ბოლო საგზურისთვის იბრძოლოს.

რამდენიმე კვირის წინ, ახალი სისტემა ლუკა დონჩიჩმაც გააკრიტიკა: “არ მესმის, რა იდეაა ამის უკან, - განაცხადა დალასის სლოვენიელმა ლიდერმა, - 72 მატჩს ატარებ იმისთვის, რომ პლეი ოფში მოხვდე. მერე ზედიზედ ორ თამაშს წააგებ და გარეთ ხარ? ამაში აზრს ვერ ვხედავ!”

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, როცა ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის სათავეში იყო, სწორედ ლებრონი დაეთანხმა Play-In-ტურნირს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მაშინ სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი იყო.

დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფისთვის ბრძოლაში ახლა ასეთი სიტუაციაა:

შენიშვნა: მუქი ფერით აღნიშნულია Play-in-ის ზონა

5. დალასი - 36-28
6. ლეიკერსი - 36-28

7. პორტლენდი - 36-28
8. მემფისი - 32-31
9. გოლდენ სტეიტი - 32-32
10. სან ანტონიო - 31-32


11. ნიუ ორლეანსი - 29-35
12. საკრამენტო - 27-37

კომენტარები

ბოლო ამბები