Thumbnail

NBA-ს გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს აღმოსავლეთის ორი მთავარი ფავორიტი - მილუოკი ბაქსი და ბრუკლინ ნეთსი ხვდებოდნენ. ორივე ეს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ სამეულშია.

თამაში ძალიან დაძაბული და შედეგიანი გამოვიდა. გუნდების ლიდერებმა ფენომენალური შეხვედრა ჩაატარეს: კევინ დურანტმა 33-დან 16 სროლა გამოიყენა და 42 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით შედეგიანი დურანტი პერიმეტრიდან იყო, საიდანაც მან 13-დან 7 სამიანი ჩააგდო. დურანტის სამიანებმა ბრუკლინს ორჯერ, ჯერ მესამე მეოთხედში, შემდეგ კი მატჩის ბოლოს მისცეს გაქცეული მეტოქის დაწევის საშუალება. დურანტს თამაშის ბოლო წამზე ბოლო სამქულიანით ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა მისი სროლა არ ჩავარდა.

კიდევ უფრო შედეგიანი მატჩი ჰქონდა იანის ანტეტოკუმპოს. იანისმა 36-დან 21 სროლა ჩააგდო და თამაში ფენომენალური 49 ქულით დაასრულა. ბრუკლინს ცენტრის პოზიცია ყველაზე სუსტი აქვს და სამწამიანის დაცვა ნაკლებად ეხერხება, იანისმაც ამით ისარგებლა და მეტოქის ფარის სიახლოვეს შეუჩერებელი იყო. გარდა ამისა, მას უჩვეულოდ კარგად გამოსდიოდა სამქულიანების სროლა. ჩვეულებრივ ის თამაშში 3.5 სამქულიანს ისვრის და 30 პროცენტით აგდებს, თუმცა გუშინ 8 სამიანი ისროლა და 4 ჩააგდო (ზუსტი სროლების 50 პროცენტი).

იანისის გარდა შედეგიანი თამაში ჰქონდა კრის მიდლტონსაც, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი იყო. ბრუკლინიდან დურანტის შემდეგ ყველაზე შედეგიანი კაირი ირვინგი გახლდათ. თუმცა კაირის სროლა არ წაუვიდა და 21 სროლაში მხოლოდ 20 ქულა ჩააგდო. განსაკუთრებით ცუდად ის პერიმეტრიდან ისროდა - 8 სროლიდან მხოლოდ 2 სამიანი გამოიყენა. ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია ჯეიმს ჰარდენს, ბრუკლინის კიდევ ერთ ლიდერს.

კომენტარები

ბოლო ამბები