Thumbnail

'იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება' - ბასილაშვილი მიუნხენური ტრიუმფის შემდეგ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ წარმატებული სერიის გააგრძელების მოახერხებს.

“იან-ლენარდ, ბოდიში, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, რიგ ეპიზოდებში იღბალი ჩემს მხარეს იყო და თამაშის ბედი ამან გადაწყვიტა. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, რომელთაც ყველაფერი ჩინებულად წარმართეს. მადლობა ჩემს ძმას, რომელიც აქ ჩემი ყველაზე ერთგული მხარდაჭერი იყო. იმედი მაქვს, მომავალშიც ყველაფერი ასე კარგად გაგრძელდება”, - აღნიშნა ქართველმა, რომელიც დაჯილდოვებისას ბავარიელთა ნაციონალურ შარვალში (Lederhosen) გამოაწყვეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს 6:4, 7:6 (7:5) სძლია და 2021 წელს უკვე მე-2 ტურნირის გამარჯვებული გახდა. ბასილაშვილმა მარტში, დოჰას ტურნირის ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს სძლია და ის პოლონელ რობერტ ჰურკაჩთან ერთად ერთადერთი ჩოგბურთელია, ვისაც წლეულს ATP-ს 2 ტურნირი აქვს მოგებული.

ცნობისთვის, ნიკოლოზმა მიუნხენის ტურნირის მოგებით საპრიზო 41 145 ევრო გამოიმუშავა და ჯილდოდ 2021 BMW M Models M8 Gran Coupe-ც ერგო. ახლა, ნიკოლოზი მადრიდში გადაინაცვლებს, სადაც მადრიდის მასტერსის პირველ წრეში ფრანგი ბენუა პერის ეთამაშება. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ჩოგბურთელი გაიმარჯვებს, მას მე-4 განთესვის მქონე ბერძენი სტეფანოს ციციპასი ელის, რომელიც პირველი წრიდან გათავისუფლებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები