Thumbnail

ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ჩემპიონია! ტიტული სეტის წაგების გარეშე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მე-5 მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება მოახერხა. ეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მოხდა, სადაც ნიკამ BMW Open (საპრიზო ფონდი 481 270 ევრო) ისე მოიგო, მეტოქეებისთვის სეტიც კი არ დაუთმია.

მე-2 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ფინალური ორთაბრძოლა მე-5 განთესვის მქონე გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან ჩაატარა და 6:4, 7:6 (7:5) იმარჯვა. თამაში წვიმის გამო ერთხელ შეწყდა, საბოლოოდ კი, საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. 

ნიკოლოზს 6 ეისი ჰქონდა (მეტოქეს 13 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა იგივე), მოწოდება არ წაუგია, თავად კი 2 ბრეიკ-პოინტიდან 1 გამოიყენა. ქართველ ჩოგბურთელს პირველ მოწოდებაზე 66%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც 79% (47-დან 37) სათავისოდ დაასრულა, მე-2 მოწოდებაზე კი 75%-იანი შედეგი (24-დან 18) დაუფიქსირდა.

ქართველი ჩოგბურთელი ფინალშიც შეუდარებელი იყო

შეგახსენებთ, რომ მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა BMW Open-ის საწყის რაუნდებში ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო (6:2, 6:3) და კოლუმბიელი დანიელ ელაჰი გალანი (6:4, 6:2) იოლად დაამარცხა, მეოთხედფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან 6:4, 6:4 იმარჯვა, ნახევარფინალში კი ნორვეგიელი კასპერ რუუდი 6:1, 6:2 დაამარცხა.

ამ წარმატების წყალობით, ბასილაშვილმა ლაივ-რეიტინგში 1850 ქულა მოაგროვა და 31-ე ადგილზე გადაინაცვლა. როგორც აღვნიშნეთ, ეს ნიკასთვის ATP-ს მსოფლიო ტურის ეგიდით მე-5 მოგებული ტიტულია: მას ჰამბურგის ტურნირი 2-ჯერ (2018, 2019) აქვს მოგებული, თითოჯერ კი ჩინეთსა (2018) და ყატარში (2021) უმარჯვია. 

მიუნხენური ფინალის შემდეგ ნიკოლოზი მადრიდში გადაინაცვლებს, სადაც Mutua Madrid Open-ზე ითამაშებს. მადრიდის მასტერსზე წილისყრა უკვე გაიმართა. პირველ წრეში მისი მეტოქე ბენუა პერია (საფრანგეთი, 34). 31 წლის მეტოქესთან ნიკოლოზი ურთიერთშეხვედრებში 1:3-ს აგებს. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ჩოგბურთელი გაიმარჯვებს, მას მე-4 ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასი ელის, რომელიც პირველი წრიდან გათავისუფლებულია. მადრიდში პირველ ნომრად რაფაელ ნადალია განთესილი.

კომენტარები

ბოლო ამბები