Thumbnail

იტალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატამდე ორჯერ აიცრება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იტალიის მთავრობის თანხმობით, “სკუადრა აძურას” ორჯერ აცრიან
  • ‘გაძეტა დელო სპორტის’ ცნობით, ეს ‘მოდერნას’ ან ‘ბიონტეკის’ ვაქცინით მოხდება

იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე (11 ივნისიდან 11 ივლისამდე) იტალიის ნაკრები კორონავირუსისგან დაცული იყოს, “სკუადრა აძურას” ყველა ფეხბურთელი აიცრება!

ოლიმპიური ნაკრების შემდეგ, იტალიის მთავრობამ საფეხბურთო ნაკრების წევრების ვაქცინაციის თანხმობაც გასცა. ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” წერს.

იტალიელი ფეხბურთელები პირველად ორშაბათს მილანში ან რომში აიცრებიან - ეს იმაზეა დამოკიდებული, ამ ორიდან რომელ ქალაქთან უფრო ახლოს იქნებიან მოთამაშეები. რობერტო მანჩინიმ ასაცრელთა სიაში 35 ფეხბურთელი შეიყვანა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე სხვა მოთამაშის წაყვანა არ შეეძლება - შემადგენლობაში ცვლილებები შესაძლებელია.

'სკუადრა აძურა' შეკრებას 24 მაისიდან დაიწყებს

‘გაძეტას’ ინფორმაციით, თავიდან მხოლოდ ფეხბურთელები აიცრებიან. სერია A მაისის ბოლოს მთავრდება და 24 მაისს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბება, რის შემდეგაც სარდინიაზე გადაინაცვლებს და კონტინენტის პირველობისთის აქტიურ მზადებას დაიწყებს. მანამდე ყველა ფეხბურთელი ორჯერ უნდა აიცრას. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, “აძურის” ფეხბურთელებს “მოდერნას” ან “ბიონტეკის” ვაქცინით აცრიან.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში იასპარეზებს. რობერტო მანჩინის გუნდის მეტოქეები თურქეთის, უელსისა და შვეიცარიის ნაკრები გუნდები იქნებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები