Thumbnail
  • ქართულ ძიუდოში დაპირისპირება გრძელდება
  • დავით ქევხიშვილის და მიხეილ ყაველაშვილის კომენტარები

დღეს, სასტუმრო ბილტმორში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, რომელიც ქართულ ძიუდოში არსებული კრიზისის ფონზე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.

ქართველი ძიუდოისტების ერთი ჯგუფი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს და ამ მოთხოვნით ისინი ყრილობაზეც მივიდნენ.

ყრილობაზე ძიუდოისტები მივიდნენ - ვითარება დაძაბულია

ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და მათი თანამოაზრეები ყრილობაზე სულ რამდენიმე წუთით შევიდნენ, დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი და შემდეგ, კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქევხიშვილს ვაჟკაცური ნაბიჯის გადადმისკენ და პოსტის დატოვებისკენ.

ლიპარტელიანი: ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ! ძიუდოისტებმა ყრილობა დატოვეს

ყრილობას ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სპორტული კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც ყრილობაზე არსებული ვითარება შეაფასა:

“ძიუდოისტები დაგვიანებით მოვიდნენ ყრილობაზე და მოითხოვეს დასწრება, რაზეც თანხმობა მიიღეს. შემდეგ, ჩემი თხოვნა იყო რომ დამსხდარიყვნენ და კონსტრუქციულ რეჟიმში გაეჟღერებინათ მათი მოთხოვნები, რაც სამწუხაროდ არ სურდათ. დასვეს რამდენიმე კითხვა, თუმცა პასუხს არ დაელოდნენ და დატოვეს ყრილობა”

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის თქმით, რიგგარეშე ყრილობა სწორედ იმიტომ დაინიშნა, რომ არსებული კონფლიქტი კონსტრუქციულ რეჟიმში განხილულიყო.

პრეზიდენტმა ყრილობის დაწყებამდე განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ძიუდოისტების ორი-სამი ადამიანისგან შექმნილ ჯგუფს ყრილობაში მიეღო მონაწილეობა, რაც საბოლოოდ არ მოხერხდა. ყრილობის შემდეგ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

დავით ქევხიშვილი (საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი):

“ძიუდოისტები მოვიდნენ კითხვების გარეშე. რაც ბოლო 3 დღის განმავლობაში მოვისმინე, შევაჯამე და გავეცი პასუხები ყრილობის წინაშე. კარგია, რომ სამინისტრომ შექმნა კომისია და იმედია, ამ ფორმატში გვექნება დიალოგი.

მინდა მივმართო ვარლამ ლიპარტელიანს. როდესაც მე ვიყავი ნაკრების კაპიტანი, შიდა კონფლიქტი გარეთ არ გამიტანია, არც ვარჯიში შემიწყვიტავს და პრობლემაც დიალოგით მოვაგვარე. ნუ პროვოცირებს და მოიქცეს ისე, როგორც ეკადრება კაპიტანს. ამ პროცესის უკან რაღაც ჯგუფები დგანან, თუმცა ამ საკითხებს არ ვუღრმავდები. 

ეს დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა. მათ სჭირდებოდათ მიზეზი და იპოვეს კიდეც წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. პირველ რიგში, თავის თავში უნდა ეძებონ წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზი. რაც შეეხება კონფლიქტს, ეს პროცესი 4 წელი გრძელდებოდა. ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ნაკრების წევრები ათას ცილს მწამებდნენ, თუმცა თავს ვიკავებდი კონფლიქტის გამწვავებისგან. მე ვიცავ არა დავით ქევხიშვილს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, არამედ პრეზიდენტის პოსტს, როგორც ინსტიტუტს, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს”

დავით ქევხიშვილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები