Thumbnail

სელტიკსის გულშემატკივრებს ასეთი რამ ლარი ბერდის შემდეგ აღარ უნახავთ!

ბოსტონი სან ანტონიოსთან 32 ქულით (!) აგებდა, როცა ჯეისონ ტეიტუმმა დაუჯერებლად ფანტასტიკური თამაშით თავის გუნდს ისტორიული “ქამბექი” შეასრულებინა და დრამატული მატჩი ოვერტაიმში 143:140 მოაგებინა.

ეს იყო NBA-ს გუნდის ყველაზე დიდი დაბრუნება 2009 წლის შემდეგ და მესამე ყველაზე დიდი “ქამბექი” ბოლო 25 წელიწადში!

ტეიტუმმა არც მეტი, არც ნაკლები, 60 ქულა დააგროვა, რითაც ბოსტონის ლეგენდის, ლარი ბერდის რეკორდი გაიმეორა. სელტიკსის 23 წლის ლიდერმა თავისი ქულების ნახევარზე მეტი მეოთხე პერიოდში და ოვერტაიმში ჩააგდო.

“ეს განსაკუთრებული საღამო იყო! - განაცხადა ტეიტუმმა მატჩის შემდეგ, - ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ის, რომ ჩემი თანაგუნდელები ასეთი ბედნიერები არიან ამ მოგებით და ჩემი შედეგით.”


მან 37 მცდელობიდან 20 ჩააგდო, რაც ძალიან კარგი შედეგია. ამასთან, ტეიტუმს 8 მოხსნაც ჰქონდა, ბურთი კი ერთხელაც არ დაუკარგავს. სელტიკსი თამაშში დაბრუნდა, მაგრამ საფინალო სირენამდე ცოტა ხნით ადრე მაინც უკან იყო. ჯეილენ ბრაუნი გახლდათ ის კაცი, ვინც მატჩი ზუსტი სამქულიანით ოვერტაიმში გადაიყვანა. “დღეს ჩემი საუკეთესო დღე ნამდვილად არ მქონია, თამაში JT-მ გადაარჩინა და მან მოგვაგებინა. ძალიან მაგრად ითამაშა და გვილიდერა!” - თქვა ბრაუნმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჯეისონ ტეიტუმის უნიკალურ დღეს მთელი NBA და კალათბურთის სამყარო გამოეხმაურა - მათ შორის ბრედლი ბილი და დონოვან მიტჩელი. 

ბოსტონელებმა ტეიტუმს ფურცელზე 60 დაუწერეს და შესაბამისი ფოტო ტვიტერზე დაპოსტეს. ამით სელტიკსმა გაიმეორე უილტ ჩემბერლენის ცნობილი ფოტო, რომელიც მან 100-ქულიანი თამაშის შემდეგ გადაიღო.

ბოსტონ სელტიკსისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და პლეი ოფში პირდაპირ გამსვლელი ადგილისთვის ნიუ იორკ ნიქსს, ატლანტას და მაიამის ებრძვის. სან ანტონიო დასავლეთში მე-9 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები