Thumbnail

ევროლიგის საუკეთესო მძიმე ფორვარდი - თორნიკე შენგელია სეზონის პირველ სიმბოლურში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროლიგის საიტმა ბასკონიას ქართველი ფორვარდი ტურნირის რჩეულ ხუთეულში შეიყვანა
  • თორნიკეს ევროლიგაში ასეთი წარმატებული სეზონი აქამდე არ ჰქონია

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა 2017/18 წლების სეზონის პირველი სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა და სასიხარულოა, რომ ხუთეულში ბასკონიას ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიაც მოხვდა - როგორც საუკეთესო მძიმე ფორვარდი.

► რეალურად რა ძალაა შენგელია?! თორნიკეს პროგრესი და NBA-ში დაბრუნების პერსპექტივა

"თოკო შენგელიამ კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ბასკონიას ლიდერად მოგვევლინა - იმ გუნდის, რომელმაც ლიგის სასტარტო ოთხი შეხვედრის წაგების მიუხედავად, ტურნირის ისტორიაში პირველმა, პლეი ოფში გაღწევა მაინც მოახერხა.

შენგელია არამხოლოდ თავის გუნდში იყო ლიდერი და აუმჯობესებდა კარიერულ შედეგებს ქულებსა და მოხსნებში, მატჩში საშუალოდ 13,7 ქულით, ამ სეზონში მძიმე ფორვარდებს შორის საუკეთესო იყო. სარგებლიანობის კოეფიციენტით (18,2), თორნიკე მეხუთეა ლიგაში, ხოლო პირველი - მძიმე ფორვარდებს შორის. ამასთან, ის მესამეა საშუალოდ თამაშში მოხსნებით - 6,1. 
 
ბასკონიას ქართველ კალათბურთელს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ორქულიანების სიზუსტესა (61,4%) და პასებში (2,2). ამასთან, მას კარიერაში ყველაზე მეტი სათამაშო დრო ჰქონდა (25:29).

თორნიკე შენგელია ევროლიგის ამ სეზონში ორჯერ დასახელდა ტურის MVP-ად. პირველად ის მე-14 ტურში აღიარეს, როდესაც ბარსელონას 85:82 მოგებულ მატჩში 24 ქულა ჩაუგდო. მეორედ თორნიკე ევროლიგის 24-ე ტურში გამოარჩიეს - ხიმკისთან შეხვედრის შემდეგ, რომელთანაც ორმაგი დუბლი (15 ქულა, 15 მოხსნა) მიითვალა. 

► ბრძოლა MVP-ის ტიტულისთვის | თორნიკე შენგელია მე-4 ევროლიგაში, მე-2 ACB ლიგაში

მოგვიანებით შენგელია ევროლიგის მარტის MVP-ადაც დასახელდა - მისი ლიდერობით ბასკონიამ გაზაფხულის პირველ თვეში ლიგაში ჩატარებული 6 შეხვედრიდან ყველა მოიგო. 

თორნიკე შენგელია ევროლიგის საუკეთესო ხუთეულში კარიერაში პირველად მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს სეზონი მისთვის ლიგაში მეხუთეა, ბასკონიასთან ერთად კი - მეოთხე".

ევროლიგამ 2017/18 წლების სეზონის პირველ სიმბოლურ ხუთეულში, შენგელიას გარდა, ნიკ კალათესი (პანათინაიკოსი), ნანდო დე კოლო (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (რეალი) და იან ვესელი (ფენერბაჰჩე) შეიყვანა.

ბასკონიამ ევროლიგაში გამოსვლა პლეი ოფში ფენერბაჰჩესთან მარცხით დაასრულა - 1:3.

ევროლიგის 2017/18 წლების სეზონი ბელგრადში დასრულდება, სადაც 18-20 მაისს "ოთხთა ფინალში" რუსული ცსკა, ესპანური რეალი, ლიტვური ჟალგირისი და თურქული ფენერბაჰჩე ითამაშებენ და ტურნირის გამარჯვებულს გამოავლენენ. ცსკა რეალს დაუპირისპირდება, მოქმედი ჩემპიონი ფენერბაჰჩე კი - ჟალგირის.

კომენტარები

ბოლო ამბები