Thumbnail

ევრობასკეტზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია! ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისია, ილიას ზუროსის გუნდს ჯგუფში თამაში რუსეთთან, თურქეთთან, ესპანეთთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან მოუწევს. პოპსპორტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ მანუჩარ მარკოიშვილს დაუკავშირდა და წილისყრის შედეგების შეფასება სთხოვა.

მანუჩარ მარკოიშვილი (ილიას ზუროსის ასისტენტი)

“ძალიან საინტერესო ჯგუფი გამოვიდა, სანახაობრივი მატჩები იქნება, რაც მაყურებლისთვის უდიდესი პლუსია. თბილისში ესპანეთის ნაკრები ჩამოდის და ქომაგს საშუალება ექნება, ცოცხლად იხილოს ესპანელი ვარსკვლავები და მათი უმაღლესი დონის თამაში. თურქეთის და რუსეთის ნაკრებებიც ძალიან ძლიერები არიან. რაც შეეხება ბელგიის და ბულგარეთის ეროვნულ გუნდებს - ჩემი აზრით, სანიკიძემ ორივე ნაკრები იღბლიანად ამოიღო. არ ვამბობ, რომ მათთან თამაში ადვილი იქნება, საინტერესო მეტოქეები არიან, განსაკუთრებით ბელგია, რომელიც ძალიან ათლეტური მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

ზოგადად ჯგუფი ადვილი არ არის, მაგრამ სახლში ვთამაშობთ. იმედი მაქვს, იმ დროისთვის პანდემიაც ჩავლილი იქნება და შეხვედრები ანშლაგით ჩაივლის, რაც ჩვენი გუნდისთვის უდავოდ უდიდესი მოტივაცია იქნება. ვისურვებდი, რომ ოდნავ ადვილი მეტოქეები შეგვხვედროდა, მაგრამ არ მგონია, ახლა მოწინააღმდეგეების სიძლიერეზე წუწუნი გამართლებული იყოს. პროგრამა მინიმუმი ქვეჯგუფიდან გასვლაა, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება. სახლში ვთამაშობთ და წარმატების მიღწევას ეს ფაქტორიც გვავალდებულებს.

პლეი ოფში რამის პროგნოზირება ძნელია. ვნახოთ, ვინ შეგვხვდება. ჩვენი ამოცანა იქნება წინ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ. პირველი საზრუნავი ჯგუფიდან გასვლა იქნება, შემდეგ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ კარგი პოზიციიდან გავიდეთ. მთავარია, ტურნირს ყველა კალათბურთელი ჯანმრთელი შეხვდეს, კარგად გაიარონ მოსამზადებელი პერიოდი და ნაყოფიერი იყოს ის შეკრება, რომელიც დაგეგმილი გვაქვს.”

ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები