Thumbnail

კონტრაქტის განახლება შესაძლებელია! მესის ბარსელონასთან ორი მოთხოვნა აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლიონელ მესი ბარსელონაში დარჩენის წინააღმდეგი აღარ არის
  • არგენტინელ სუპერვარსკვლავს კონტრაქტი 2 თვეში უმთავრდება

ბარსელონა ლიონელ მესისთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობას იწყებს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება ზუსტად ორ თვეში ეწურება. ანუ, ბარსას ცოტა დრო აქვს.

TV3-ის ინფორმაციით, გასულ კვირაში ჟოან ლაპორტა ლეოს მამას და აგენტს, ხორხე მესის შეხვდა და მოლაპარაკებები დაიწყო. ამ ეტაპზე ბარსელონასთვის შეუძლებელია ოფიციალური შეთავაზების წარდგენა, რადგან კლუბის ბიუჯეტი ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მიღწევის სურვილი ორივე მხრიდან არსებობს.

თუმცა, არგენტინელ ფეხბურთელს თავისი მოთხოვნებიც აქვს. ერთ-ერთი მოთხოვნა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობაა - ლეოს უნდა, რომ კლუბი კონკურენტუნარიანი იყოს. ამიტომაც, ის ითხოვს, რომ ბარსამ ერლინგ ჰაალანდი და ან ნეიმარი დაიმატოს. გარდა ამისა, TV3 იტყობინება, რომ მესის მოთხოვნაა, კლუბში კიდევ 2 წელი ითამაშოს, მერე კი კარიერის ბოლო ნაწილი MLS-ში გაატაროს, სადაც ბარსელონას ელჩის სტატუსი ექნება, ხოლო ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ბარსაში დაბრუნდეს და ერთ-ერთი პოზიცია კლუბის მენეჯმენტში დაიკავოს. ასეთ შემთხვევაში, 33 წლის ფეხბურთელი მზადაა, ხელფასის შემცირებაზეც დათანხმდეს, რადგან აშკარაა, რომ ბარსა მისი მოქმედი გასამრჯელოს გადახდას განახლებული ხელშეკრულებით ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ბარსელონას მთავარ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა და მას მერე 773 მატჩში 667 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო ესპანური კლუბის დატოვებასთან და საგა რამდენიმე დღეც გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ "კამპ ნოუზე" დარჩა. მესის გადაბირებით ყველაზე მეტად პარი სენ-ჟერმენია დაინტერესებული.

კომენტარები

ბოლო ამბები