Thumbnail

ევრობასკეტზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილია! ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისია, ილიას ზუროსის გუნდს ჯგუფში თამაში რუსეთთან, თურქეთთან, ესპანეთთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან მოუწევს.

წილისყრის პროცედურა, რომელშიც ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები მონაწილეობდა, გერმანიის დედაქალაქ ბერლინის Verti Music Hall-ში ჩატარდა და მას ტურნირის ელჩი გერმანიიდან, NBA-ს ლეგენდა დირკ ნოვიცკი უძღვებოდა, დახმარებას კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ახლა პარლამენტარი ვიქტორ სანიკიძე და იტალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე რობერტო ბრუნამონტი უწევდნენ. სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ამავდროულად ფიბა-ევროპის ბორდის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პრეზიდენტია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 2 მეტოქე ჯერ კიდევ წილისყრამდე იყო ცნობილი. 2015 წლიდან მოყოლებული, ევროპის ჩემპიონატები 4-4 ქვეყანაში ტარდება, თითოეულ მასპინძელს კი 1 ნაკრების არჩევის უფლება აქვს, რომელიც მის ჯგუფში ითამაშებს. ამ ნაბიჯის გადადგმის დროს, ქვეყნები ძირითადად ფინანსური ინტერესებით ხელმძღვანელობენ, რაც გულშემატკივრების ჩასვლასთან, ბილეთების რეალიზაციასთან და სხვა მსგავს ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

წილისყრის ცერემონიალი

ამ პრინციპით, საქართველომ არჩევანი თურქეთზე შეაჩერა, ჩეხეთმა – პოლონეთზე, გერმანიამ – ლიეტუვაზე, ხოლო იტალიამ – ესტონეთზე. ამას გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ იტალია და ჩეხეთი, საქართველოს მსგავსად, ევრობასკეტის თანამასპინძლები არიან, ხოლო ლიეტუვამ გერმანიაში თამაში არჩია, ცნობილი იყო, რომ მე-2 კალათიდან საქართველოს ნაკრებს მეტოქედ რუსეთი ერგებოდა. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების სხვა მეტოქეები დღევანდელი წილისყრის დროს გაირკვა და ისინი ესპანეთი, ბელგია და ბულგარეთი არიან. სრულად ფინალური ჯგუფები ასე გამოიყურება:

A ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი

B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა

C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი

D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები

ევროპის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

დღესვე, ფიბა-მ მომავალი ევრობასკეტის თილისმად bounce დაამტკიცა, ბიჭი, რომელსაც თავის ადგილას კალათბურთის ბურთი ადგას და ყველანაირი ნახტომის შესრულება შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები