Thumbnail
  • იულიან ნაგელსმანი ცოტა ხანში ყველაზე ძვირფასი მწვრთნელი გახდება
  • მიუნხენის ბაიერნი ლაიპციგს მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაუხდის
  • აი, რომელი მწვრთნელები იყვნენ აქამდე ძვირი სპეციალისტების TOP 5-ში

მწვრთნელების სანაცვლოდ დიდი თანხმების გადახდა არცისე ხშირი შემთხვევაა. ფეხბურთის ისტორიას, მოთამაშეების ტრანსფერებისგან განსხვავებით, სულ რამდენიმე ისეთი შემთხვევა ახსოვს, როცა კლუბმა მეორე კლუბისგან მწვრთნელი ძვირად იყიდა. სულ მალე, იულიან ნაგელსმანი ამ მხრივ ახალ რეკორდს დაამყარებს - ბაიერნი მას ლაიპციგიდან 25 მილიონ ევროდ ყიდულობს.

33 წლის იულიან ნაგელსმანი ბაიერნის მთავარ მწვრთნელად ინიშნება

აქამდე რეკორდი ანდრე ვილაშ-ბოაშს ეკუთვნოდა, რომელიც ჩელსიმ 2011 წელს 15 მილიონად გადაიბირა. ვნახოთ, რომელი სპეციალისტები იყვნენ აქამდე უძვირფასესი მწვრთნელების ხუთეულში.

1. ანდრე ვილაშ-ბოაში (15 მლნ)

მაშინ ვილაშ-ბოაშს “მინი-მოუს” უწოდებდნენ და ჟოზე მოურინიოს ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. შესაბამისად, იმ დროს ლოგიკურიც იყო, რომ ჩელსიმ პორტუს იმხანად 33 წლის სპეციალისტის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადა. თუმცა ინვესტიციამ არ გაამართლა: ვილაშ-ბოაში სულ რაღაც 8 თვეში გაათავისუფლეს.

2. ბრენდან როჯერსი (10,5 მლნ)

ბრენდან როჯერსმა გლაზგოს სელტიკთან ერთად სამჯერ შეასრულა ჰეთთრიკი და 63-მატჩიანი წაუგებელი სერიით დიდი ბრიტანეთის რეკორდიც დაამყარა. 2019 წელს ლესტერმა მისი კონტრაქტი 10,5 მილიონად გამოისყიდა. პირველ სეზონში როჯერსმა “მელიები” მეხუთე ადგილზე გაიყვანა, ახლა კი ლესტერი სულაც მესამე ადგილზეა, ბრენდანმა კი კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

3. რუბენ ამორიმი (10 მლნ)

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერა შესანიშნავად დაიწყო. 2019 წლის დეკემბერში ბრაგას მთავარ მწვრთნელად დააწინაურეს და 2020 წლის იანვარში ლიგის თასი მოიგო, მარტში კი გაიყიდა. ლისაბონის სპორტინგმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი გადაიხადა. სპორტინგს ამაზე მეტი ფული მხოლოდ ბას დოსტში აქვს გადახდილი (11,7 მილიონი, 2016 წელს). ამორიმმა დედაქალაქურ კლუბს ლიგის თასი მოაგებინა და ჩემპიონობამდეც ცოტა უკლია, კონტრაქტი კი 2024 წლამდე გაუგრძელეს.

4. ჟოზე მოურინიო (8 მლნ)

Special One-მა 2010 წელს მილანის ინტერს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და ჰეთთრიკი შეასრულებინა. სწორედ ამის შემდეგ შეიძინა ის რეალმა 8 მილიონ ევროდ და თანაც, პორტუგალიელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპეციალისტად აქცია. ჟოზემ რეალს 2011 წელს თასი, 2012-ში კი ჩემპიონობა მოაგებინა, ჩემპიონთა ლიგა კი - ვერა. La Décima-ს რეალმა მხოლოდ 2014 წელს, მოურინიოს წასვლიდან ერთ წელიწადში მიაღწია.

5. ადი ჰიუტერი (7,5 მლნ)

ეს კი სულ ახალი ამბავია: ადი ჰიუტერი ნაგელსმანამდე, ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირი მწვრთნელია. მიონხენგლადბახის ბორუსიამ დაადასტურა, რომ ფრანკფურტის აინტრახტს 7,5 მილიონს უხდის. ავსტრიელმა თავის პირველ სეზონში აინტრახტი ევროპალიგის ნახევარფინალში გაიყვანა, ახლა კი მე-4 ადგილზე ჰყავს და საუკეთესო შანსი აქვს, ფრანკფურტული კლუბი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანოს.

კომენტარები

ბოლო ამბები