Thumbnail
  • ლაიპციგში იულიან ნაგელსმანს ჯესი მარში შეცვლის
  • ამერიკელმა ტოტენჰემს და აინტრახტს უარი შეუთვალა

გუშინ გადაწყდა, რომ ლაიპციგის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მომდევნო სეზონიდან მიუნხენის ბაიერნს ჩაიბარებს. ამ ამბიდან ზუსტად 24 საათში, ლაიპციგმა ახალი დამრიგებელი იპოვა და დაითანხმა!

‘კიკერის’ ინფორმაციით, ზახსენური კლუბი ზალცბურგის მთავარ მწვრთნელ ჯესი მარშს შეუთანხმდა და ლაიპციგში ნაგელსმანს სწორედ ეს უკანასკნელი შეცვლის.

როგორც ირკვევა, ამერიკელმა სპეციალისტმა ლაიპციგის გამო უარი თქვა ფრანკფურტის აინტრახტის და ტოტენჰემის გაწვრთნაზეც. მას ზალცბურგთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ მზად არის, ავსტრიული კლუბი დატოვოს და ლაიპციგი ჩაიბაროს.

ჯესი მარში რედ ბულის “საფეხბურთო იმპერიის” წევრია. როგორც იცით, ზალცბურგიცა და ლაიპციგიც ამ კონცერნში შედიან. ნიუ იორკში წარმატებული მუშაობის შემდეგ, 2018/2019 წლების სეზონში მარში ლაიპციგში რალფ რანგნიკის ასისტენტი გახლდათ და სწორედ ამის შემდეგ დაინიშნა ზალცბურგის მთავარ მწვრთნელად. ახლა, ლაიპციგი და ზალცბურგი მარშის სატრანსფერო თანხაზე უნდა შეთანხმდნენ, რაც რედ ბულის ერთ ქუდქვეშ ყოფნის გამო ნამდვილად არ გაუჭირდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები