Thumbnail
  • 📅 29 აპრილი | ⌚ 15:00 | 🏀 ევრობასკეტის წილისყრა | 📺 FIBA Youtube
  • ქართველმა კალათბურთელებმა 2 მეტოქის ვინაობა უკვე იციან

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 29 აპრილს შეიტყობს იმ მეტოქეთა ვინაობას, რომელთაც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდება. წილისყრის პროცედურა, რომელშიც 24 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, გერმანიის დედაქალაქ ბერლინის Verti Music Hall-ში ჩატარდება და სტარტს თბილისის დროით 15:00 საათზე აიღებს (პირდაპირი ტრანსლაცია ფიბა-ს Youtube-ის გვერდზე). კალათების შემადგენლობა, რომელიც ფიბა-ს მიმდინარე რეიტინგის მიხედვით შედგა, ასე გამოიყურება:

I კალათა: ესპანეთი (ევროპაში მე-2), სერბეთი (5), საბერძნეთი (6), საფრანგეთი (7)

II კალათა: ლიეტუვა (8), რუსეთი (9), იტალია (10), ჩეხეთი (12)

III კალათა: პოლონეთი (13), ხორვატია (14), თურქეთი (15), სლოვენია (16)

IV კალათა: გერმანია (17), უკრაინა (18), ფინეთი (32), საქართველო (36)

V კალათა: ბელგია (37), უნგრეთი (38), ისრაელი (39), დიდი ბრიტანეთი (41)

VI კალათა: ბოსნია-ჰერცეგოვინა (43), ნიდერლანდები (44), ესტონეთი (47), ბულგარეთი (49)

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, ევროპის ჩემპიონატები 4-4 ქვეყანაში ტარდება, თითოეულ მასპინძელს კი 1 ნაკრების არჩევის უფლება აქვს, რომელიც მის ჯგუფში ითამაშებს. ამ ნაბიჯის გადადგმის დროს, ქვეყნები ძირითადად ფინანსური ინტერესებით ხელმძღვანელობენ, რაც გულშემატკივრების ჩასვლასთან, ბილეთების რეალიზაციასთან და სხვა მსგავს ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

უკვე ცნობილია, რომ საქართველომ არჩევანი თურქეთზე შეაჩერა, ჩეხეთმა – პოლონეთზე, გერმანიამ – ლიეტუვაზე, ხოლო იტალიამ – ესტონეთზე. ამას გარდა, ცნობილია ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა. იმის გათვალისწინებით, რომ იტალია და ჩეხეთი, საქართველოს მსგავსად, ევრობასკეტის თანამასპინძლები არიან, ხოლო ლიეტუვამ გერმანიაში თამაში არჩია, გამოდის, რომ მე-2 კალათიდან საქართველოს ნაკრებს მეტოქედ რუსეთი ერგება, რაც ძალიან საინტერესო დაპირისპირებას მოასწავებს.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, 4-4 საუკეთესო კი პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის მატჩებს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), პრაღა (ჩეხეთი) და თბილისი უმასპინძლებს, პლეი ოფი კი ბერლინშია (გერმანია) დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოო, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები