Thumbnail

შოტლანდიის სარაგბო ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელი მაიკ ბლერი მომავალ ზაფხულს საქართველოსთან და რუმინეთთან დაგეგმილ ტესტებს გამოეხმაურა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ნარშავები” რუმინეთში 10 ივლისს ითამაშებენ, საქართველოში კი – 17-ში. გარდა ამისა, 1 მატჩი აქვს დაგეგმილი შოტლანდიის A ნაკრებსაც და ამ შემთხვევაშიც გუნდის ხელმძღვანელობა ბლერს მოუწევს.

ამის მიზეზი ისაა, რომ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთაფრიკული ტურნეს გამო, სქოთებს მთავარი მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი და მისი ასისტენტი სტივ ტენდი ვერ დაეხმარებიან. შოტლანდიელ მორაგბეთა უმეტესობაც ლომების ტურში არის მიწვეული, რაც შანსს იძლევა, რომ საქმეში ახალი მოთამაშეები ინახოს.

“მადლობას ვუხდი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და საზაფხულო ტურნეს დროს გუნდის თავკაცობა მანდო. მოუთმენლად ველი ამ მატჩებს და იმედი მაქვს, რომ იმ წარმატებული სვლის გაგრძელებას მოვახერხებთ, რომელიც ბოლო დროს გვქონდა. რუმინეთთანა და საქართველოსთან თამაშები საშუალებას მოგვცემს მთელი რიგი ახალი მორაგბეები გამოვცადოთ და ვნახოთ, მათ საერთაშორისო სანაკრებო დონეზე რისი ჩვენება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ მატჩებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. როდესაც სახლიდან შორს თამაშობ და თანაც ისეთი მაღალი კლასის მეტოქეებთან, როგორებიც საქართველო და რუმინეთი არიან, მინდორზე ბევრი რამ სჩანს ხოლმე”, - აღნიშნა ბლერმა, რომელსაც ევროპული ტურნეს დროს ფორვარდებისა და შერკინების მწვრთნელები ჯონ დალზიელი და პიტერ დე ვილიერსი დაეხმარებიან.

გრეგ თაუნსენდის ნაცვლად, შოტლანდიას საქართველოში მაიკ ბლერი ჩამოიყვანს 

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ათწლეულში “ბორჯღალოსნებს” შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება ჯარიმების წყალობით მოიპოვა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტიერ 1-ის გუნდთან ლელო ხელუხლებლად შევინახეთ.

2016 წლის ნოემბერში სქოთებმა კილმარნოკში, შემოდგომის ტესტ-მატჩში გვიმასპინძლეს და 43:16 იმარჯვეს, თუმცა ბორჯღალოსნებთან თამაში ისე მოეწონათ, რომ თბილისში სტუმრობა მაშინვე დააანონსეს. 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, შოტლანდიამ სიტყვა შეასრულა და გახდა პირველი (და ჯერჯერობით, ერთადერთი) გუნდი ტიერ 1-ის ქვეყნების ნაკრებებიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. მსოფლიო თასის წინა გასახურებელი თამაში “დინამო არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა და სტუმრებმა 44:10 მოიგეს.

ერთი კვირის თავზე იმავე მეტოქეს ედინბურგში, “მარიფილდზე“ შევხვდით. ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იყო, თუმცა ობიექტურად ძლიერმა მეტოქემ მეოთხედაც გაიმარჯვა – 36:9. შარშანდელ “შემოდგომის ერთა თასამდე“, შოტლანდიამ ტესტ-მატჩის გასამართად “მარიფილდზე“ მიგვიწვია. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი, იძულებითი უქმობის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა პირველი შეხვედრა 23 ოქტომბერს გამართეს და 7:48 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები