Thumbnail

'რაღაცის შეცვლა მოგვიწევს' - გვარდიოლამ პსჟ-სთან მატჩზე ილაპარაკა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერნეცია ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ესპანელი სპეციალისტი მეტოქისგან ყველაზე დიდ საფრთხეს შემტევი ფეხბურთელებისგან ელოდება, მაგრამ არ აპირებს, რომ მის გუნდი დაცვითი ფეხბურთით ათამაშოს, რადგან მსგავსი ტიპის სტილთან პსჟ თამაშს შეჩვეულია.

"პსჟ შეჩვეულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშს, რომლებიც 90 წუთი თავს იცავენ, მაგრამ მაინც პოულობს გზას გოლის გასატანად. ამიტომ, ეს არ არის საუკეთესო გზა თავის დასაცავად იმ გუნდისგან, რომელსაც ყველაფერი აქვს. ვიცი, რომ მათი მთავარი იარაღი შეტევაა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ. რას ველი? 90 წუთი არ ვითამაშებთ იმაზე ფიქრით, თუ რამდენად კარგი მოთამაშეა ის და რამდენად კარგი გუნდი ჰყავთ მათ. იოჰან კრუიფისგან ვისწავლე, რომ თამაშით და პასუხისმგებლობით უნდა ისიამოვნო. ტოპფეხბურთელები ასე იქცევიან და ამიტომაც იმარჯვებენ ამ ტურნირზე.

რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშში რაღაცის შეცვლა მოგვიწევს, გუნდურად უნდა ვითამაშოთ და თავიც ასე უნდა დავიცვათ. მბაპესა და ნეიმარის შესაჩერებლად ყველაფერს ვეცდებით. პსჟ-ს საოცარი შემტევი ხაზი ჰყავს და ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენს კართან ბევრ კონტრშეტევას უნდა ველოდოთ", - თქვა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი აქვს, ხოლო მანჩესტერ სიტის ფინალში არასდროს უთამაშია, ხოლო ნახევარფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. პსჟ-სიტის მატჩი 28 აპრილს, თბილისის დროით 22:55 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები