Thumbnail

'უფრო რთული იქნება, ვიდრე ბაიერნთან' - პოჩეტინო სიტისთან მატჩზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მაურისიო პოჩეტინოს პრესკონფერენცია სიტისთან მატჩის წინ
  • არგენტინელმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლაზეც ილაპარაკა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერნეცია პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

არგენტინელი სპეციალისტის აზრით, ეს უფრო რთული თამაში იქნება, ვიდრე პსჟ-ს ბაიერნთან ჰქონდა. გარდა ამისა, კომენტარი პეპ გვარდიოლასთან პირად დაპირისპირებაზეც მოუწია, რაც მისთვის უცხო სულაც არ არის, რადგან წლების განმავლობაში პრემიერლიგაში მუშაობდა.

"ეს არ არის პირადი დაპირისპირება მწვრთნელებს შორის, ეს არის მატჩი ორ ძალიან კარგ გუნდს შორის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გვარდიოლაზე, ეს ნიშნავს, რომ ვსაუბრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე. მე მის კარიერას დიდ პატივს ვცემ, არა მხოლოდ ტიტულების, არამედ იმ მემკვიდრეობას გამო, რომელსაც აშენებს.

ორივე გუნდში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელთა შეჩერება 90 წუთის განმავლობაში ძალიან ძნელია. ძალიან მძიმე და კონკურენტუნარიანი თამაში იქნება. სიტი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, მაგრამ პეპის ხელში ეს რეგულარულად ხდება, ამიტომ, რთული თამაში იქნება. ვიმედოვნებ, რომ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ და გავიმარჯვებთ - ეს არის ფეხბურთში მთავარი მიზანი.

ბერნატი და ფლორენცი ვერ ითამაშებენ, დანარჩენები მზად არიან მოედანზე გასასვლელად. ეს უფრო რთული თამაში იქნება, ვიდრე ბაიერნთან იყო, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. მთავარი 180 წუთია, რომელიც გაარკვევს ვინ გავა ფინალში და ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ", - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი აქვს, ხოლო მანჩესტერ სიტის ფინალში არასდროს უთამაშია, ხოლო ნახევარფინალში ისტორიაში მეორედ ითამაშებს. პსჟ-სიტის მატჩი 28 აპრილს, თბილისის დროით 22:55 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები